logo_geo
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ნედლი რძის და სუნელ-სანელებლების 23 შემთხვევაში ტყვიის შემცველობა ნორმას აღემატება
- +

5 თებერვალი. 2019. 12:12

 

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წლის მონაცემებით, ტყვიის შემცველობა ნორმას არ აღემატება ბავშვთა კვების პროდუქტებში, თევზში, პურპროდუქტებში, ბურღულეულსა და ბოსტნეულში, ხოლო დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობა აღინიშნა ნედლი რძის 15 და სუნელ-სანელებლების 8 ნიმუშში.

 

როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სურსათის 1176 ნიმუშიდან ტყვიის ნორმასთან შეუსაბამობა 23 შემთხვევაში გამოვლინდა.

 

„2018 წელს, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოკვლეულია 1176 ნიმუში, მათ შორის: რძის და რძის ნაწარმის 82, ხორცის და ხორცპროდუქტების - 335, თევზის და თევზის პროდუქტების - 47, კვერცხის - 68, ბავშვთა კვების პროდუქტების - 48, სუნელ-სანელებლების - 137, თაფლის - 11, სასმელების - 108, პურპროდუქტების, ბურღულეულისა და ბოსტნეულის 340 ნიმუში. 1176 ნიმუშიდან დარღვევა გამოვლინდა 23 ნიმუშში, რაც საერთო რაოდენობის 2 პროცენტს შეადგენს. ტყვიის შემცველობა ნორმას არ აღემატება ბავშვთა კვების პროდუქტებში, თევზში, პურპროდუქტებში, ბურღულეულსა და ბოსტნეულში. გასულ წლებთან შედარებით, ტყვიის გადაჭარბებული ოდენობა არ გამოვლენილა ხორცის ნიმუშებში.

 

დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობა აღინიშნა ნედლი რძის 15 და სუნელ-სანელებლებლების 8 ნიმუშში (2017 წელს სუნელ-სანელებლებში 33 დარღვევა დაფიქსირდა). დარღვევის შესახებ ეცნობა შესაბამის სამსახურებს და პროდუქციის ამოღებაზე ზედამხედველობა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განახორციელა.

 

სურსათში ტყვიის შემცველობაზე აღებულ ნიმუშებში დარღვევების რაოდენობის შემცირება განაპირობა ბაზრის კონტროლის გააქტიურებამ და რეგიონებში ნარჩენების მართვის სისტემების გაუმჯობესებამ“, - ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.

 

 

 

 

big_banner
არქივი