logo_geo
თბილისში, დაკეტილ ბინაში „ყაზტრანსგაზის“ სპეციალისტებმა ღია მდგომარეობაში დატოვებული გაზის რეზინის მილი აღმოაჩინეს
- +

5 თებერვალი. 2019. 13:22

 

ერთ-ერთი მეზობლის დაუდევრობის გამო, საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა.

 

წუხელ, გვიან ღამით თბილისში, წერეთლის გამზირის #7-დან „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ცხელ ხაზზე შეტყობინება შევიდა. შენობაში გაზის მძაფრი სუნი იდგა. გამოძახებაზე მისულმა „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებმა სპეციალური ტექნიკური საშუალებებით კორპუსი და საკომუნიკაციო ჭები შეამოწმეს. აპარატურის საშუალებით დადგინდა, რომ გაზის სუნი ერთ-ერთი დაკეტილი ბინიდან მოდიოდა, სადაც არავინ ცხოვრობდა. მეპატრონის ადგილზე მისვლის შემდეგ ბინაში შესულ სპეციალისტებს ღია მდგომარეობაში დატოვებული რეზინის მილი დახვდათ, საიდანაც გაზი ჟონავდა.

 

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ავრცელებს ადგილზე გადაღებულ ფოტოებს და მოსახლეობას მოუწოდებს - გაზგაყვანილობასთან და გაზის დანადგარებთან მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ, რადგან მობინადრეები მსგავსი დაუდევრობითა და უყურადღებობით დიდ საფრთხეს უქმნიან როგორც საკუთარი ოჯახის წევრებს, ისე კორპუსში მცხოვრებ მეზობლებს.

 

„ასევე, ნუ მოიხმართ საშიშ და აკრძალულ ღიაკამერიან წყალგამაცხელებლებსა და გაზგამათბობლებს. მსგავსი გაზდანადგარები საშიშია!“ - ნათქვამია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ განცხადებაში.

 

 

 

 

big_banner
არქივი