logo_geo
„ნუ მოწამლავთ მეზობლებს!“ - „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ გვაფრთხილებს
- +

7 თებერვალი. 2019. 13:48

 

წუხელ თბილისში, ხეთაგუროვის ქუჩა #4-ში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით (CO) ხანშიშესული ცოლ-ქმარი მოიწამლა. აღნიშნულთან დაკავშირებით „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ განცხადებას ავრცელებს:

 

„ოჯახში ღიაკამერიან აკრძალულ წყალგამაცხელებელს ხმარობდნენ. „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ადგილზე მისულმა სპეციალისტებმა აკრძალული ღიაკამერიანი წყალგამაცხელებელი ჩაჭრეს და ბინის მეპატრონეები გააფრთხილეს, არ მოიხმარონ აღნიშნული დანადგარი. „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებმა კორპუსში მცხოვრები სხვა მობინადრეების უსაფრთხოების მიზნით კორპუსის სავენტილაციო არხები შეამოწმეს.

 

გაზის სპეციალისტებმა კიდევ ერთ მობინადრესთან აღმოაჩინეს ღიაკამერიანი აკრძალული წყალგამაცხელებელი, რომლის საკვამლე მილი კორპუსის სავენტილაციო არხთან იყო დაერთებული, რაც სხვა მობინადრეების სიცოცხლესაც საფრთხეს უქმნიდა. მობინადრეს უსაფრთხოების ინსტრუქცია ჩაუტარეს და გააფრთხილეს, რომ აღნიშნული დანადგარი არ მოიხმაროს.

 

ამავე კორპუსში დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ბინის მეპატრონემ უარი თქვა შემოწმებაზე და გაზის სპეციალისტებს კარი არ გაუღო. მსგავსი შემთხვევები ხშირია და, კომპანიის მუშაობის პრაქტიკიდან გამომდინარე, სწორედ ის მობინადრეები არღვევენ უსაფრთხოების წესებს, რომლებიც უარს ამბობენ მათ ბინებში გაზდანადგარების შემოწმებაზე. აკრძალული გაზდანადგარების ჩაჭრას კი „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ვერ ახერხებს, რადგან კომპანიის სპეციალისტებს ქსელის შემოწმების მიზნით მობინადრეები სახლში არ უშვებენ.

 

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ განსაკუთრებით ფრთხილად მოეკიდონ გაზის დანადგარებს. გახსოვდეთ, რომ CO ბუნებრივ აირზე გაცილებით საშიშია!“ ნათქვამია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ განცხადებაში.

 

 

 

big_banner
არქივი