logo_geo
გიორგი ბუთხუზი: ქართული ჯარი უნიფორმებით სრულადაა უზრუნველყოფილი
- +

8 თებერვალი. 2019. 15:08

 

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ბუთხუზმა ქართული მედიის წარმომადგენლებს ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის ერთ-ერთი სამხედრო სანივთე საწყობი დაათვალიერებინა. თავდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქართული ჯარი 2018 წლიდან უკვე უზრუნველყოფილია შესაბამისი სამხედრო ფორმით და აღჭურვილობით.

 

„არათუ ნაკლებობა, შეიქმნა მარაგები, რომლითაც შემდგომ წლებში ჯარისკაცების ფორმით უზრუნველყოფა უწყვეტადაა შესაძლებელი“, - აღნიშნა მან.

 

გიორგი ბუთხუზის თქმით, აუდიტის დასკვნა გასულ წლებს ეფუძნებოდა, კონკრეტულად ბოლო დასკვნა - 2017 წელს.

 

„2018 წელს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ გატარებული თანმიმდევრული და სწორი სანივთე პოლიტიკის შედეგად, 2018 წლიდან თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეები 100%-ით არიან უზრუნველყოფილი სანივთე ქონებით და იქმნება შესაბამისი მარაგები. მინდა სიამაყით განვუცხადო საზოგადოებას, რომ ქართული ჯარი 2018 წლიდან და შემდგომ წლებში იქნება სრულად უზრუნველყოფილი სანივთე ქონებით. 2019 წლიდან შეიცვალა თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეთა ფორმით უზრუნველყოფის ნორმები. ადრე თუ გაიცემოდა ერთ წელიწადში ერთი ფორმა, დღეს კაპრალ-სერჟანტების პირად შემადგენლობაზე ორ წელიწადში სამი ფორმა გაიცემა, ხოლო ოფიცრებზე იგივე რაოდენობა - ორწელიწადნახევარზე. ეს მნიშვნელოვნად უზრუნველყოფს თავდაცვის ძალების სანივთე ქონებით უზრუნველყოფის გაუმჯობესებას და შექმნის იმ უწყვეტობის ციკლს, რომელიც მომავალ წლებშიც გადავა“, - განაცხადა გიორგი ბუთხუზმა.

 

 

 

big_banner
არქივი