logo_geo
სოფო კევლიშვილი: ვიცი, რომ ამერიკაში დიდი კონკურენციაა, თუმცა ეს ჩემთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს
- +

18 თებერვალი. 2019. 15:32

 

სოფო კევლიშვილი გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის მოსწავლეა, რომელმაც სკოლის ხელშეწყობით კოლუმბიის უნივერსიტეტში ბიოსამედიცინო ინჟინერიის მიმართულებით ჩააბარა. ბიოსამედიცინო ინჟინერიის ფაკულტეტზე სწავლება სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს, მათ შორისაა: სამეცნიერო აპარატურის დამზადება, გენური ინჟინერია, ქსოვილების ინჟინერია, ნანოტექნოლოგიები მედიცინაში და სხვა. სოფო მიმართულებას სწავლის პროცესში აირჩევს. ნიუ-იორკში მდებარე ამერიკულ სასწავლებელში იგი სრული დაფინანსებით გაემგზავრება.

 

„კოლუმბიის უნივერსიტეტში ჩასაბარებლად საჭიროა სკოლის ნიშნები, რეზიუმე, სხვადასხვა პირადი დოკუმენტაცია და თემების მომზადება. თემები ორი სახისაა: თავისუფალი თემა, რომელსაც საკუთარი თავის შესახებ წერ (Personal Essay) და თემა, რომელიც უნივერსიტეტის მიერ შედგენილი შეკითხვების საფუძველზე იწერება (Supplement Essay). თემებში დავწერე, რა მუსიკას ვუსმენ, როგორ ვერთობი, რა წიგნებს ვკითხულობ, რატომ მინდა კოლუმბიის უნივერსიტეტში კონკრეტულ ფაკულტეტზე სწავლა და ა.შ. ყველაფერთან ერთა, აინტერესებდათ, სკოლაში რა აქტივობებში ვმონაწილეობდი, რადგან მათთვის კარგი ნიშნები საკმარისი არ არის. ისინი ისეთ სტუდენტს ეძებენ, რომელიც ნიჭიერია, მოტივირებულია, მეცნიერულ სიახლეებს შექმნის და უნივერსიტეტს კიდევ უფრო მეტ წარმატებას მოუტანს.

 

კოლუმბიის უნივერსიტეტში მომწონს, რომ ინჟინერიას ძალიან დიდი ყურადღებას უთმობენ. პრაქტიკული სამუშაოები მაღალ დონეზე ტარდება, რაც ჩვენთან, სამწუხაროდ, ნაკლებად ხდება. ვიცი, რომ ამერიკაში დიდი კონკურენციაა, თუმცა ეს ჩემთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენ“, - განაცხადა სოფო კევლიშვილმა.

 

 

ავტორი: ირაკლი შალამბერიძე

 

 

 

წყარო: foster.ge

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი