logo_geo
სტიპენდიები, უნივერსიტეტები, გაცვლითი პროგრამები - რა დაგხვდებათ განათლების საერთაშორისო გამოფენაზე
- +

21 თებერვალი. 2019. 11:24

 

 

სტიპენდიები, ადგილობრივი და უცხოური უნივერსიტეტები, გაცვლითი პროგრამები - ეს იმ სიის არასრული ჩამონათვალია, რომელიც განათლების საერთაშორისო გამოფენაზე მისულ დამთვალიერებლებს დახვდებათ.

 

უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების მე-9 საერთაშორისო გამოფენა 22-23 თებერვალს, გამოფენების ცენტრ ექსპოჯორჯიას მე-11 პავილიონში გაიმართება.

 

„საგამოფენო სივრცეში 100-მდე სასწავლო დაწესებულების და გაცვლითი პროგრამების პრეზენტაციებია წარმოდგენილი. მაღალი კლასების მოსწავლეებს, აბიტურიენტებს, მომავალ მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს, შეუძლიათ ყველა კითხვაზე, უშუალოდ უნივერსიტეტების წარმომადგენლებისგან და პროგრამების შემქმნელებისგან მიიღონ პასუხები. ზუსტად ასეთი კომუნიკაცია დაეხმარებათ ახალგაზრდებს, რომ სწორად და დამოუკიდებლად დაგეგმონ თავიანთი მომავალი სასწავლო პროცესები“, - აცხადებს პროექტის მენეჯერი თამარ კირვალიძე.

 

როგორც გამოფენის ორგანიზატორი ამბობს, დამთვალიერებლებს საშუალება მიეცემათ შეხვდნენ უმაღლესი სასწავლებლების წამომადგენლებს, ერთ სივრცეში ნახონ, შეაფასონ და აირჩიონ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამა, გაიგონ უფრო მეტი პირველწყაროდან დაფინანსების შესაძლებლობების თუ გაცვლითი პროგრამების შესახებ.

 

„ამასთან, გამოფენაზე მოსული ყველა დაინტერესებული პირი გაიგებს, თუ რა ალტერნატივებია და რას სთავაზობს მას სხვადასხვა ონლაინ თუ მოკლევადიანი სასწავლო პროგრამა, საზაფხულო სკოლა, საერთაშორისო გამოცდების მოსამზადებელი და ენის შემსწავლელი კურსი; ასევე გაიგებს თუ რა სხვადასხვა მომსახურება შეიძლება მიიღოს სტუდენტმა, სად დასაქმდეს“, - განაცხადა თამარ კირვალიძემ.

 

მონაწილე უნივერსიტეტები აბიტურიენტებს არაერთ სიურპრიზს უმზადებენ. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ დარეგისტრირდნენ სხვადასხვა გათამაშებაში და მოიპოვონ უფასო სწავლის შესაძლებლობა.

 

გამოფენის ფარგლებში გაიმართება საჯარო ლექციები, პრეზენტაციები, პრესკონფერენციები.

 

განათლების სამინისტრო ადგილზე მოსულ დამთვალიერებელს გააცნობს სიახლეებს, რომლებიც განათლების სისტემაში იგეგმება.

 

თითქმის ყველა მონაწილე უნივერსიტეტი ჩაერთო საჯარო ლექციების ციკლში, რომელიც, ძირითადად, პროფორიენტაციის ხასიათის იქნება. სპიკერები ჩაატარებენ ლექციებს ისეთ თემებზე, როგორებიცაა: „როგორ გახდეს წარმატებული ავიატორი“ „სტარტაპები და ინოვაციები“, „ექიმის როლი და მისი მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაში“, „ყალბი ამბები და ფაქტების გადამოწმების ტექნიკები“...

 

უნივერსიტეტებთან ერთად, გამოფენაში მონაწილეობენ პროფესიული სასაწავლებლებიც და ვიზიტორებს გააცნობენ ინფორმაციას, თუ რა მიმართულებებით შეუძლიათ მათ გააგრძელონ სწავლა. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებლებში სწავლა უფასოა.

 

მე-11 პავილიონში სტენდებთან დაგხვდებათ მონაწილეები შემდეგი ქვეყნებიდან: ამერიკის შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, ესტონეთი, თურქეთი, იტალია, ლიეტუა, პოლონეთი, საფრანგეთი, საქართველო, სომხეთი, უკრაინა

 

მისამართი – ა. წერეთლის გამზირი 118

 

გამოფენაზე დასწრება უფასოა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი