logo_geo
ქართველი გოგო, რომელიც ევროპაში „Microsoft“-ის ყველაზე დიდ დეველოპერულ ცენტრში მუშაობს
- +

21 თებერვალი. 2019. 12:26

 

 

თსუ-ს კურსდამთავრებული სოფო შინჯიკაშვილი პრაღაში, ევროპაში „Microsoft“-ის ყველაზე დიდ დეველოპერულ ცენტრში მუშაობს. იქ დასაქმებულ 48-მდე სხვადასხვა ქვეყნის ასობით თანამშრომელს შორის სოფო ერთადერთი ქართველია.

 

როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე წერია, სოფო შინჯიკაშვილს ძალიან უნდა ქართული ენის ავტომატური თარგმნის სისტემის შექმნაში მიიღოს მონაწილეობა.

 

„პროფესიის არჩევა მისტიკურად მოხდა“, - იხსენებს სოფო, - „თავიდან საერთოდ სხვა მხარეს, საერთაშორისო ურთიერთობებზე ვაპირებდი ჩაბარებას. ამ იდეით დავიწყე აბიტურიენტობაც. სასულიერო გიმნაზია დავამთავრე, სადაც მათემატიკის შესანიშნავი მასწავლებლები მყავდა. გადამწყვეტი როლი მათ შორის ერთ-ერთმა ითამაშა, რომელმაც აბიტურიენტობისას სულ სხვა თვალით დამანახა ის შესაძლებლობები, რასაც მათემატიკა გაძლევს და უკვე წლის ბოლოს ნელ-ნელა მივხვდი, რომ ჰუმანიტარობას ვერ შევძლებდი. მალევე, არჩევანი იმ დარგზე შევაჩერე, სადაც მათემატიკა ერწყმის კრეატივს და გაძლევს უდიდეს შესაძლებლობებს, არ გაქცევს ჩარჩოებში და არ აქვს „დრესკოდი“. უნივერსიტეტზე ბევრი არც მიფიქრია“, - ამბობს სოფო.

 

„Microsoft“-მდე, როგორც იხსენებს, რთული გზა გაიარა. კონკურენცია, გათენებული ღამეები, შფოთვა - ასე იხსენებს სწავლის პერიოდს. მისი აზრით, ინფორმატიკა და კომპიუტერული მეცნიერებები ისეთი დარგია, რომელსაც შემოქმედებით საქმიანობად უნდა აღიქვამდე და არა მხოლოდ კარგი შემოსავლის წყაროდ.

 

„უნდა ცდილობდე სულ თვითგანვითარებას და გაურბოდე კომფორტის ზონებს. უნდა შეიქმნა სამუშაო გარემო, სადაც ყოველი დღე გამოწვევაა, სადაც ნებისმიერ დროს შეიძლება დიდ სირთულეს წააწყდე და შემდეგ დაიღალო გადაჭრის გზების ძიებაში. აი რომ იპოვი, იქ დგება „ბედნიერების მომენტი“, - ამბობს სოფო.

 

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ სოფო და თავისი მეგობრები თავისუფალ დროს სხვადასხვა ამოცანის ამოხსნაზე მეცადინეობდნენ. პარალელურად, რამდენიმე უცხოურ კომპანიაში განაცხადების გაკეთებაც დაიწყეს. ჰქონდათ გასაუბრებები. ეს ყველაფერი, საბოლოოდ, „Microsoft“-ის შემოთავაზებით დამთავრდა და ახალი ეტაპიც დაიწყო.

 

მისი თქმით, „Microsoft“-ში შერჩევის პროცესში შედიოდა რამდენიმე გასაუბრება ინტერნეტით, ბოლო სამი კი - ოფისში, პრაღაში გაიმართა.

 

„აქ ორმოცამდე განსხვავებული ეროვნების ადამიანი მუშაობს და ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო პირველი ქართველი მათ რიგებში. პრაღაში ჩემს ქმართან ერთად გადმოვედი საცხოვრებლად, ისიც ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობს. ეს ქალაქი ძალიან მოგვწონს თავისი დიდი კულტურული ჩარჩოებითა და უნიკალური დეტალებით. ვცდილობთ ენის სწავლასა და ადგილობრივი ცხოვრების რიტმში ჩაჯდომას“, - ამბობს სოფო.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი