logo_geo
2019 წლის ბოლოს ლილოს ნაგავსაყრელი დაიხურება და ახალ ლოკაციაზე გადავა
- +

21 თებერვალი. 2019. 15:27

 

 

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მუნიციპალიტეტი ლილოს ნაგავსაყრელის პრობლემის მოგვარებას გეგმავს, რაშიც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიც არიან ჩართულნი. ამის შესახებ კახა კალაძემ Facebook-ში ვიდეოდიალოგის დროს, მოქალაქე ვანო ჯანიაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

„ლილოს ნაგავსაყრელი მოუწესრიგებელი რომ არის, ეს სერიოზული და წლების განმავლობაში დაგროვებული პრობლემაა. რა თქმა უნდა, მდგომარეობა მძიმეა, განსაკუთრებით ეს აწუხებს ადგილობრივ მცხოვრებლებს. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ პრობლემის რაც შეიძლება სწრაფად მოგვარება. ამ მიმართულებით, უკვე კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით.  ვმუშაობთ იმ საკითხზე, რომ როგორც ნორმალურ, ევროპულ, განვითარებულ ქალაქებშია, ისე მოხდეს ამ ნარჩენების გადამუშავება და შემდეგ ელექტროენერგიის ან საწვავის მიღება. მინდა მადლობა გადავუხადო საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს, რომლებიც აღნიშნული პროექტის განხორციელებაში გვეხმარებიან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

თბილისის მერის მოადგილის მაია ბითაძის განცხადებით, წლის ბოლოს ლილოს ნაგავსაყრელი დაიხურება და მას ახალი უჯრედი დაემატება.

 

„ნაგავსაყრელი ნამდვილად სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, რადგან მისი არასწორად დაგეგმარების გამო, ძალიან ბევრი ტექნიკური პრობლემა წარმოიშვა. როგორც გასულ, ასევე, მიმდინარე წელს, ძალიან მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ვატარებთ და წელს  უფრო ფართომასშტაბიან სამუშაოს ჩავატარებთ იმისთვის, რომ ნაგავსაყრელიდან მეთანის წარმოშობისა და არასასიამოვნო სუნის გავრცელების საკითხი გადაწყდეს. ასევე, დიდი სამუშაოები ჩატარდება იმისთვის, რომ ძველი ნაგავსაყრელი, რომელიც დღეს ფუნქციონირებს, დაიხუროს და წლის ბოლოს გვექნება ახალი უჯრედი, სადაც უკვე შეგვეძლება იმ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, რაშიც გვეხმარება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD). ვფიქრობ, რომ დაახლოებით, წელიწადნახევარში გარემოსდაცვითი პრობლემები, რომელსაც აღნიშნული ნაგავსაყრელი წარმოშობს დაბინძურების და სუნის კუთხით, ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრება“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

 

 

big_banner
არქივი