logo_geo
სამუშაო ოფისებთან მანქანების გაჩერებაზე შეღავათები არ დაწესდება და დასაქმებულებსაც პარკირების საფასურის საათობრივად გადახდა მოუწევთ
- +

27 თებერვალი. 2019. 12:28

 

 

მანქანის პარკირების საფასურის საათობრივად გადახდა დედაქალაქში დასაქმებულებსაც მოუწევთ და სამუშაო ოფისებთან ავტომანქანის გაჩერებაზე მათთვის შეღავათები არ დაწესდება.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსი“ თბილისის ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ მერია არ აპირებს იმუშაოს დასაქმებული პირებისთვის, კონკრეტულ სივრცეებზე სააბონემენტო სისტემა შემოიღოს.

 

„პარკირებაზე გადახდის საათობრივი სისტემის შემოღების მიზანი არის არა ის, რომ კომფორტული გახადოს პარკინგის სისტემა, არამედ ის, რომ გაიძულოთ გადახვიდეთ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. სამაგიეროდ, ხალხი ისუნთქებს. ფეხით ვინც დადის იცის, რომ ქალაქში სუნთქვა შეუძლებელია. ვსუნთქავთ გამონაბოლქვს! თუ არ გავაჩერეთ მანქანები და ავტობუსი არ მოვიხმარეთ, დავიხრჩობით! მერე ის საპარკინგე ადგილები და მანქანებიც გვერდზე დაგვრჩება“, - განუცხადა ხმალაძემ „ინტერპრესნიუსს“.

 

რაც შეეხება ზონალურ პარკირებას, მერია საპილოტე პროექტის განხორციელებას 1 ივლისიდან ლესელიძისა და მისი მიმდებარე ქუჩების ტერიტორიაზე აპირებს.

 

მერიის გადაწყვეტილებით, ლესელიძის ქუჩაზე ავტობუსები იმოძრავებს, ხოლო პარკირების ზონალური საფასური სავარაუდოდ 50 თეთრიდან განისაზღვრება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი