logo_geo
თბილისის მერია სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსებისთვის განაცხადების მიღებას იწყებს
- +

28 თებერვალი. 2019. 22:17

 

თბილისის მერია სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსებისთვის განაცხადების მიღებას იწყებს. სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე სტუდენტებს მერიაში განაცხადების წარდგენა 1 მარტიდან 31 მაისის ჩათვლით შეეძლებათ.

 

თბილისის მერია განაცხადების გადარჩევის საფუძველზე შერჩეულ სოციალურად დაუცველ სტუდენტებს 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის საფასურს დაუფარავს.

 

ვის შეუძლია სწავლის დაფინანსების მოთხოვნა

 

დაფინანსდებიან თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი სტუდენტები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000 ან ნაკლებია და სწავლობენ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე. 

 

რამდენი ლარით დაფინანსდებიან სტუდენტები

 

დაფინანსება განხორციელდება სახელმწიფო სასწავლო გრანტის ფარგლებში, რაც წლიურად 2250 ლარია, ხოლო სემესტრული - 1125 ლარი. მისი ოდენობა დამოკიდებული იქნება აკადემიური მოსწრების საშუალო მაჩვენებელზე და ქულების მიხედვით სტუდენტი მიიღებს 50, 70 ან 100 პროცენტიან დაფინანსებას.

 

მნიშვნელოვანია თუ არა სტუდენტების მიერ სემესტრის განმავლობაში მიღებული ქულები

 

იმ შემთხვევაში, თუ წინა სემესტრში მიღებული აკადემიური მოსწრების საშუალო მაჩვენებელი იქნება 51 – 70 ქულა, სტუდენტი მიიღებს სწავლის საფასურის 50 პროცენტს. 71 – 90 ქულის შემთხვევაში სწავლის საფასურის 70 პროცენტს, ხოლო თუ  სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში აქვს 40 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულა, 100-პროცენტიან დაფინანსებას. 91 – 100 ქულის მოპოვების შემთხვევაში სტუდენტს სწავლის საფასური 100 პროცენტით დაუფინანსდება. 

 

რა ხდება სახელმწიფო გრანტის მქონე სოცდაუცველი სტუდენტების შემთხვევაში

 

თუ სტუდენტს მოპოვებული აქვს 30%, 50% ან 70 % სახელმწიფო სასწავლო გრანტი, მას სწავლის საფასური შეევსება 100 პროცენტამდე. 

 

რა დოკუმენტებია საჭირო თბილისის მერიაში განაცხადის წარსადგენად

 

პირადობის მოწმობის ასლი; ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან; ცნობა უნივერსიტეტიდან წლიური გადასახადის მითითებით; უნივერსიტეტის საბანკო რეკვიზიტები და ანგარიშფაქტურა; უნივერსიტეტის მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი; რეკომენდაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან და სამოტივაციო წერილი.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი