logo_geo
დღეს საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას დაბადების დღეა
- +

7 მარტი. 2019. 15:40

 

 

დღეს საქართველოს ეროვნული გმირი ჟიული შარტავა, 75 წლის გახდებოდა.

 

„წაუსვლელობა არ შეიძლება. სჯობს ამ ომს შევეწიროთ და მომავალი თაობა გადავარჩინოთ. ჩვენი თაობა ისედაც ვალშია მათ წინაშე“... „ბოლომდე ვიბრძოლებთ, ვიდრე შეგვიძლია და თუ სიკვდილი გვიწერია, არც ეს უნდა იყოს დიდი ტრაგედია. ისეთი ბიჭები იხოცებიან, რომ ძნელია ამის შემყურემ სიცოცხლეზე იფიქრო“... - ჟიული შარტავამ ეს სიტყვები, სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე თქვა.

 

ჟიული შარტავა 1944 წლის 7 მარტს, სენაკში დაიბადა. სწავლობდა სენაკის მეორე საშუალო სკოლაში. 1966 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი. მუშაობდა სხვადასხვა პარტიულ თანამდებობებზე, თბილისსა და რუსთავში. იყო ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი. 1989 წელს, სსრ კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემია დაამთავრა.

 

1992 წელს ჟიული შარტავა, რუსთავის მაჟორიტარული ოლქიდან, საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრად აირჩიეს; აფხაზეთის ომის დროს, 1993 წლის ივნისში, შარტავა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს და აფხაზეთის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა. 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, გენერალ-მაიორი შარტავა უშუალოდ ხელმძღვანელობდა მთავრობის სახლის დაცვას, რა დროსაც სეპარატისტებმა, თანამებრძოლებთან ერთად, ტყვედ აიყვანეს და დახვრიტეს.

 

აფხაზეთის ომიდან რამდენიმე წლის შემდეგ, ჟიული შარტავას გმირობის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II იგონებდა: „მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ჩემს სახელზე საპატრიარქოში, უცნობი ავტორის წერილი მოვიდა. ავტორმა არ იცოდა, რომ პიროვნება, ვის შესახებაც წერდა, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იყო. რუსულად დაწერილ წერილში ეწერა: „ჩვენ არ ვიცოდით, ვის ვესროდით, მაგრამ ერთი კია, გამაოცა ამ კაცის შეუდრეკელობამ, უშიშრობამ, სიმამაცემ, სამშობლოს ამგვარმა სიყვარულმა. მისი სახელი ასანთის კოლოფზე დავწერე, რათა იცოდეთ, როგორი გმირები ჰყავს საქართველოს. და, თუ საქართველოს თუნდაც ერთი ადამიანი ჰყავს ასეთი, იმ ქვეყანას გადაშენება არ უწერია”. ეს ბარათი მომწერა კაცმა, რომელიც მტრის ბანაკში იბრძოდა და ალბათ, თვითონაც მონაწილეობდა შარტავასა და მისი მეგობრების წამებაში“.

 

2004 წელს, ჟიული შარტავას, პირველს საქართველოს ისტორიაში, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით. დაკრძალულია თბილისში, ვაკის პანთეონში.

 

2014 წელს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში, ჟიული შარტავას სახელობის სახელმწიფო პოლიტიკის და მართვის სადოქტორო სკოლა დაფუძნდა. დღეს კი, მის დაბადების დღეზე, სენაკის მეორე სკოლას, რომელშიც საქართველოს ეროვნული გმირი სწავლობდა, ჟიული შარატავს სახელი მიენიჭა.

 

დიდება გმირებს!

 

 

big_banner
არქივი