logo_geo
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების და მაგისტრანტების რეგისტრაცია 3 აპრილის 18.00 საათამდეა შესაძლებელი
- +

12 მარტი. 2019. 14:04

 

ერთიანი ეროვნული გამოცდების ძირითადი რეგისტრაციის დასრულების შემდეგ აბიტურიენტები და მაგისტრანტები ვეღარ დარეგისტრირდებიან. ამის შესახებ შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ ბრიფინგზე განაცხადა.

 

როგორც გორგოძემ განმარტა, რეგისტრაცია რამდენიმე ეტაპად ჩატარდება და ძირითადი ეტაპი 3 აპრილს, 18:00 საათზე დასრულდება.

 

„დღეს დაიწყო რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის და საერთო სამაგისტრო გამოცდების. რეგისტრაცია დასრულდება 3 აპრილს, 18:00 საათისთვის. ამის შემდეგ აბიტურიენტები ვეღარ შეძლებენ დარეგისტრირებას. გთხოვთ, მას შემდეგ, რაც დარეგისტრირდებით, აუცილებლად შეამოწმეთ ელექტრონული ფოსტა, მიიღეთ თუ არა დასტური რეგისტრაციის შესახებ. თუ ასეთი დასტური არ გაქვთ, სავარაუდოდ, რეგისტრაცია ბოლომდე ვერ გაიარეთ და ამიტომ გთხოვთ, ამას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ. თუ რაიმე პრობლემა იქნება, დამატებით ინსტრუქციებს ჩვენც მოგაწვდით",- განაცხადა გორგოძემ.

 

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 3 აპრილის შემდეგ აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, თუმცა, 7 მაისის 18:00 საათამდე შეეძლება გამოცდის დამატება ან საგნის შეცვლა.

 

სოფო გორგოძის ინფორმაციით, ცენტრის ვებგვერდზე (www.naec.ge) განთავსდება საინფორმაციო ცნობარი, რომლითაც აბიტურიენტმა არჩევანის გაკეთებისას უნდა იხელმძღვანელოს. ცნობარში მოცემულია რეგისტრაციის ინსტრუქცია, ხშირად დასმული კითხვები, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი და ა. შ. ასევე გამოიცა ცნობარის ბეჭდური ვერსიაც („ცნობარი აბიტურიენტისათვის“).

 

რაც შეეხება სიახლეებს, შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ ორი ან მეტი არჩევითი საგნის გამოცდის მონიშვნის შემთხვევაში და რომელიმე მათგანში ჩაჭრის (მინიმალური კომპეტენციის ზღვრის ვერგადალახვის) ან რომელიმე არჩევითი საგნის გამოცდაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაშიც, აბიტურიენტი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობას შეინარჩუნებს.

 

რაც შეეხება საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება აბიტურიენტს აპელაციების შედეგების გამოქვეყნების შემდეგი დღის ჩათვლით ექნება.

 

„პროგრამებზე განაცხადების რაოდენობის შესახებ ინფორმაციის გაცნობა აბიტურიენტებს სპეციალური სისტემის მეშვეობით შეეძლებათ - რეგისტრაციის დაწყებიდან ამოქმედდება გვერდი, რომელზეც განთავსდება განახლებული ინფორმაცია კონკრეტულ პროგრამებზე განაცხადების რაოდენობის შესახებ და ეს ინფორმაცია მუდმივად შეიცვლება.

 

გარდა ამისა, 2019 წელს ცვლილება ოთხ გამოცდას (ქართულ ენასა და ლიტერატურას, ლიტერატურას, გეოგრაფიასა და უცხოურ ენებს) შეეხება.

 

წინა წლების ტესტების ანალიზმა და პედაგოგებთან ერთად ამ გამოცდების შედეგების განხილვამ აჩვენა, რომ აბიტურიენტის ცოდნისა და უნარების უკეთ შესაფასებლად მიზანშეწონილია ამ საგამოცდო ტესტების ფორმატებში გარკვეული ცვლილებების შეტანა. მიუხედავად ამ ცვლილებებისა, არ შეიცვლება მინიმალური კომპეტენციის დადგენილი პროცენტული ზღვარი. კიდევ ერთხელ განვმარტავ, საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია 3 აპრილის 18:00 საათამდე უნდა გაიარონ. სარეგისტრაციო ვადის ამოწურვის შემდეგ მაგისტრანტობის კანდიდატები ვეღარ დარეგისტრირდებიან. რეგისტრირებულ კანდიდატებს ტესტის ტიპის შეცვლა 7 მაისის 18:00 საათამდე შეეძლებათ", - განაცხადა გორგოძემ.

 

 

 

big_banner
არქივი