logo_geo
ირაკლი მახარობლიძე: სახელმწიფომ მუდმივად უნდა იზრუნოს იმპორტირებული ენერგომატარებლების ფასების ოპტიმიზაციაზე
- +

12 მარტი. 2019. 18:38

 

 

„ჩვენთვის, როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის, რომელსაც საკმაოდ დიდი ენერგო დანახარჯები აქვს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით არსებობდეს გარკვეული კონკურენცია“, - ამის შესახებ „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ რეალიზაციისა და მარკეტინგის დირექტორმა ირაკლი მახარობლიძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, იმისთვის, რომ ადგილობრივი წარმოება იყოს კონკურენტუნარიანი, სახელმწიფომ მუდმივად უნდა იზრუნოს იმპორტირებული ენერგომატარებლების ფასების ოპტიმიზაციაზე, თუ, რა თქმა უნდა, ამის ლოგიკური საშუალებები არსებობს.

 

„ბიზნესის წარმომადგენლები დაინტერესებულნი არიან, რომ გაზს ღებულობდნენ ადეკვატურ და კონკურენტუნარიან ფასად. ეს საკითხი მნიშვნელოვანია, რადგან რეგიონში ბევრ ქვეყანასთან გვიწევს კონკურენცია და ზუსტად ენერგომატარებლების ფასთა შორის სხვაობიდან გამომდინარე ხშირად იქმნება პრობლემები. საკითხი შეიძლება ეხებოდეს არამარტო გაზს, არამედ ელექტროენერგიასაც მომავალში“, - განაცხადა ირაკლი მახარობლიძემ.

 

მისივე თქმით, დღევანდელი მოცემულობით, „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ ენერგოდანახარჯში გაზის წილი არცთუ ისე მაღალია, რადგან ნახშირის მოხმარება უფრო ეფექტურია მისი ღირებულებიდან გამომდინარე.

 

„თუმცა, თუ დადგება დრო, როცა გაზის ღირებულება ნაკლები იქნება, ვიდრე ნახშირის, რომელიც ასევე იმპორტზე შემოგვაქვს, მაშინ დიდი სიამოვნებით ვიმუშავებთ გაზზე, რაც ნებისმიერი მწარმოებლისთვის ძალიან დიდი კომფორტი და ფუფუნებაა“, - აღნიშნა ირაკლი მახარობლიძემ.

 

 

 

 

big_banner
არქივი