logo_geo
საია ფილარმონიის სახელმწიფო მართვაში დაბრუნებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
- +

14 მარტი. 2019. 02:52

 

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, 2019 წლის თებერვლის მონაცემებით, შპს „ინტერნეიშენალ ივენთს“, რომელიც ფილარმონიას მართავს, სახელმწიფოს მიმართ მართვის საზღაურის და პირგასამტეხლოს სახით 3,115,146 ლარის და 177,102 აშშ დოლარის დავალიანება ერიცხება.

 

საია-ს განცხადებით, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს პროცედურები, რომელიც „თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის“ სახელმწიფოს მართვაში დაბრუნებასთან არის დაკავშირებული.

 

საია-ს ხელთ არსებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2019 წლის 4 იანვარს, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, წერილობით მიმართა შპს „ინტერნეიშენალ ივენთს“ და აცნობა, რომ სააგენტო იყენებდა მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების „6.2.“ პუნქტს და კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას ცალმხრივად წყვეტდა. ამასთან, კომპანიისთვის განცხადების ჩაბარების მომენტიდან, მხარეებს შორის ხელშეკრულება შეწყვეტილად ითვლება.

 

თუმცა, საია-ს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ სააგენტოს მიერ წერილის კომპანიისთვის ჩაბარების მომენტიდან, ხელშეკრულება შეწყვეტილად ითვლებოდა, შპს „ინტერნეიშენალ ივენთსმა“ წერილობით მიმართა საქართველოს მთავრობას, ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს და სრულიად უსაფუძვლოდ მოითხოვა :

 

- პირგასამტეხლოსგან გათავისუფლება;

 

- მართვის საზღაურის, 250,020 ლარის - 100,000 ლარამდე შემცირება;

 

- არსებული დავალიანების გადახდის 9 წლიან გრაფიკზე გადანაწილება;

 

- 100 ადგილობრივი ღონისძიების ნაცვლად, 60 ადგილობრივი ღონისძიების ჩატარება.

 

„საიასთვის უცნობია, თუ რა გაგრძელება მოჰყვა მთავრობის და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის სახელზე, კომპანიის მიერ გაგზავნილ განცხადებას. მაგრამ ცნობილია, რომ მიმდინარე წლის 1 მარტს, სააგენტომ, საიას სახელზე გამოგზავნილ წერილში, ღიად აღნიშნა - კომპანიასთან ხელშეკრულება შეწყვეტილი არ არის. თუმცა, იურიდიულად, შპს „ინტერნეიშენალ ივენთთან“ ხელშეკრულება 2019 წლის 4 იანვრიდან არის შეწყვეტილი. შესაბამისად, შესაძლოა ამ პროცესში ადგილი ჰქონოდეს გარკვეულ არაფორმალურ კომუნიკაციას, რომლის მიზანსაც თბილისის საკონცერტო დარბაზის, შპს „ინტერნეიშენალ ივენთის“ მართვაში დარჩენა წარმოადგენს“, -აღნიშნულია საიას განცხადებაში.

 

როგორც სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ამჟამად უწყება განიხილავს “ინტერნეიშენალ ივენთის“ მიერ წარმოდგენილ მიზეზებს, რის გამოც კომპანიამ ვალდებულებების შესრულება ვერ შეძლო.

 

„ამ ეტაპზე სააგენტოში მიმდინარეობს შპს “ინტერნეიშენალ ივენთის“ მიერ სააგენტოში წერილობით წარმოდგენილი იმ მიზეზების ობიექტურობის შეფასების პროცესი, რის გამოც კომპანიას შეექმნა პრობლემები ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად, რის შემდგომაც სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილება“, -აცხადებენ სააგენტოში.

 

ამასთან, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში ადასტურებენ, რომ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 4 იანვარს მოახდინა კომპანიის ინფორმირება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და შპს „ინტერნეიშენალ ივენთს“ შორის, შპს „თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის“ მართვის უფლებით გადაცემის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტის უფლების გამოყენების თაობაზე.

 

შეახსენებთ, რომ სახელმწიფოსა და შპს „ინტერნეიშენალ ივენთს“ შორის 2007 წელს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, კომანიას „თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის“ 100%-იანი წილის მართვის უფლება 49 წლით გადაცა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი