logo_geo
სალომე ზურაბიშვილი გარეგინ მეორეს: ოკუპაციის ხაზზე ძალიან დაძაბული მდგომარეობაა, გატაცებები გახშირდა
- +

15 მარტი. 2019. 11:49

 

სომხეთის რესპუბლიკაში, ქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, სომხური სამოციქულო ეკლესიის კათალიკოსთან, მის უწმინდესობა გარეგინ მეორესთან შეხვედრაზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე და რამდენიმე დღის წინ, ოკუპირებულ გალის რაიონში მომხდარ ტრაგედიაზე ისაუბრა.

 

ზურაბიშვილმა შეხვედრისას ასევე განაცხადა, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან,  მშვიდობიანი მოსახლეობის გატაცების ფაქტები გახშირდა და საოკუპაციო რეჟიმი მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას ზღუდავს.

 

„რაც ეხება ჩვენს ორ ოკუპირებულ ტერიტორიას, ჩვენი პოლიტიკა სრულიად მშვიდობიანია და ხელისუფლების მიერ ჩამოყალიბებული ახალი პოლიტიკა მშვიდობიანი ნაბიჯებისგან შედგება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის მიმართ, რომ მათ გავუწოდოთ ხელი და დავეხმაროთ ყველა კუთხით - განათლების, ჯანდაცვისა თუ ეკონომიკური წამოწყებებით.

 

სამწუხაროდ, ის მოსახლეობა, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებული ხაზის იქით, აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში, აყვანილნი არიან მძევლად და ბოლო პერიოდში, შეიძლება ეს არის პასუხი ჩვენს მშვიდობიან ნაბიჯებზე, შეზღუდულია ამ მოსახლეობისათვის გადმოსვლის საშუალება. დიდი ხნის განმავლობაში ჩაკეტილი იყო გადმოსასვლელი პუნქტები, რამაც შექმნა საკმაოდ მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა.

 

ასევე, იცით, რომ ოკუპაციის ხაზზე ძალიან დაძაბული მდგომარეობაა, სადაც გატაცებები გახშირდა, რაც ზოგჯერ ტრაგიკულად მთავრდება, როგორც რამდენმე დღის წინ, ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა, რაც ოკუპაციის ხაზის ჩვენს მხარეს ძალიან რთულ მდგომარეობას ქმნის, თუნდაც იმ მოსახლეობისათვის, რომელიც აგრძელებს ცხოვრებას ამ ძალიან მძიმე პირობებში. რაც ეხება მეორე მხარეს, პრაქტიკულად აკრძალულია ქართული ენის სწავლა, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ წირვა ქართულ ენაზე საერთოდ არ აღევლინება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

 

 

big_banner
არქივი