logo_geo
ვლადიმერ იმნაძემ არტილერისტთა ხსოვნას პატივი მიაგო
- +

15 მარტი. 2019. 18:29

 

 

დღეს ქართული არტილერიის დღე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ, დირექტორის მოადგილეებმა, მირონ ჩიგოგიძემ და ჯანდრი უბირიამ, უწყების თანამშრომლებმა და „საქართველოს გენერალთა კლუბის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, თეიმურაზ ლორიამ , სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

 

ქართველმა არტილერისტებმა, საკუთარი პროფესიონალიზმი, სამშობლოსთვის თავდადება, არაერთხელ დაამტკიცეს. არტილერიის დღის 15 მარტს აღნიშვნის ტრადიციაც, სწორედ, ამ თავგანწირული ბრძოლების ნაწილია და საქართველოს უახლესი ისტორიის მნიშვნელოვან ფურცელს უკავშირდება.

 

1993 წლის 15 მარტს, ღამით მოწინააღმდეგემ ინტენსიური საარტილერიო სროლებით დაარღვია მოქმედი შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტაზე. მაშინ, როდესაც რუსულ-აფხაზური (მედესანტეები, კაზაკები და ჩრდილოკავკასიელები) შეიარაღებული ფორმირებები მოჭარბებული ძალებით ახორციელებდნენ ხმელეთიდან შეტევას, ცდილობდნენ დესანტის გადმოსხმას და სოხუმს რუსეთის ავიაცია ბომბავდა, საქართველოს შეიარაღებული ძალების არტილერიამ ქალაქის დაცვაში, გადამწყვეტი როლი შეასრულა.

 

ცხარე ბრძოლები სამ დღეს გრძელდებოდა. თავდაცვის პირველი ხაზი რამდენიმე ადგილზე გარღვეული იქნა. როდესაც სოხუმში წინა ხაზზე, ალყაში მოქცეული ცალკეული ჯგუფები ბრძოლას განაგრძობდნენ, მოწინააღმდეგის ზოგიერთი მოიერიშე ჯგუფი აჩადარიდან შემოვიდა და შუქურის დასახლებამდე შეაღწია. "მარტის შემოტევის" მოგერიებაში განსაკუთრებული როლი არტილერიამ შეასრულა. გუმისთის მარჯვენა ნაპირზე მოქმედებით, 16 მარტს მიმდინარე ბრძოლის მსვლელობაში მან გარდატეხა შეიტანა. არტილერისტები გადამღობავ ცეცხლს აწარმოებდნენ მოიერიშე ჯგუფების ზურგს უკან, თავდამსხმელების მეორე ეშელონი მოსწყვიტეს ავანგარდს, რითაც ჩვენს მებრძოლებს თავდაცვის ხაზის აღდგენაში დაეხმარნენ.

 

სოხუმზე განხორციელებული ფართომასშტაბიანი ოპერაციის მოგერიების დროს აფხაზური მხრიდან 400 მებრძოლი დაიღუპა, 1000-მდე დაიჭრა. ქართული შენაერთებიდან კი დაახლოებით 190 მებრძოლი დაიღუპა.

 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური დღევანდელ დღეს ულოცავს არტილერისტებს, საქართველოსთვის მებრძოლ ყველა ჯარისკაცს, ოფიცერს და ერთიან, ძლიერ საქართველოს უსურვებს!

 

მარადიული ხსოვნა ბრძოლის ველზე დაცემულ სამშობლოს ერთგულ ჯარისკაცებს!

დიდება გმირებს!

 

 

big_banner
არქივი