logo_geo
გუმისთის ბრძოლიდან 26 წელი გავიდა
- +

16 მარტი. 2019. 14:36

 

საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და აფხაზ სეპარატისტებს შორის მომხდარი ბრძოლიდან, რომლიც გუმისთის ბრძოლის სახელით არის ცნობილი, 26 წელი გავიდა.

 

ქართულ-აფხაზური კონფლიქტის და აფხაზეთის ომის ყველაზე სისხლიანი შეტაკება 15-16 მარტს მდინარე გუმისთის სანაპიროებზე არსებულ რვაკილომეტრიან ფრონტზე გაიმართა.

 

წინაპირობები

 

1993 წლისთვის სეპარატისტები ავტონომიური რესპუბლიკის ნახევარს აკონტროლებდნენ. რუსებთან საზღვრის გახსნის შემდეგ აფხაზთა პოზიციები კიდევ უფრო გამყარდა. გაგრაში ქართული შენაერთების ლიკვიდაციის შემდეგ აფხაზებმა მთავარი ყურადღება სოხუმის აღებაზე გადაიტანეს.

 

ფართომასშტაბიანი ოპერაციის განსახორციელებლად აფხაზებმა მოქმედება გეგმაზომიერად დაიწყეს. უპირველეს ყოვლისა აფხაზებმა საორგანიზაციო საკითხები მოაწესრიგეს. 10 ოქტომბერს აფხაზებმა თავდაცვის სამინისტრო ჩამოაყალიბეს. სეპარატისტულ არმიას დაქირავებულები ყოველდღე ემატებოდნენ. 1993 წლის მარტში საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაება ადგილობრივი სომხებისგან დაკომპლექტებული შენაერთი - „ბაგრამიანის ბატალიონი“. აფხაზებმა ტყვია-წამლის დიდი შევსება მიიღეს. ცოცხალი ძალები ჩამოდიოდნენ პოსტ საბჭოთა სივრცის თითქმის ყველა რეგიონიდან. ასევე ახლო აღმოსავლეთიდან „მუსლიმი ძმების“ დახმარების პროპაგანდით. აფხაზებმა, ჩრდილოკავკასიელმა სეპარატისტებმა და რუსეთის სამხედრო ნაწილებმა სოხუმზე ფართომასშტაბიანი შტურმისთვის დაიწყეს მზადება.

 

ბრძოლა

1993 წლის 16 მარტს, ღამის 3.00 საათზე, გუმისთის ხაზზე მყოფ ქართულ ბატალიონებს რუსულმა ავიაციამ ცეცხლი გაუხსნა, თვითმფრინავებმა ხუთას კილოგრამიანი ბომბების ჩამოყრა დაიწყეს, რომელიც საჭირო დროს ერთდროულად უნდა აფეთქებულიყო. სანგრებს ამუშავებდა არტილერიაც. წინა ხაზთან ერთად იბომბებოდა ქალაქის საცხოვრებელი მასივებიც. რუსი გენერლების მიერ მომზადებული გეგმით მასირებულ ცეცხლს მოწინააღმდეგის რიგებში დიდი მსხვერპლი და პანიკა უნდა გამოეწვია. საავიაციო და საარტილერიო დამუშავების შემდეგ დილის 5.00 საათზე აფხაზთა ქვეითი ნაწილები შეტევაზე გადმოვიდნენ. ქართული სანგრების გასანათებლად რუსულმა ავიაციამ სანგრების თავზე ე.წ. გირლიანდები დაკიდა. აფხაზებმა შეტევაში იმ დროს მათ ხელთ არსებული ყველა ძალა ჩართეს. ქართული პოზიციების მასირებული იერიში რვა კილომეტრიან მონაკვეთზე ერთდროულად დაიწყო. 16 მარტს გუმისთის ფრონტზე ძირითადად 23-ე ბრიგადის ბატალიონები იმყოფებოდნენ. ჩრდილოეთით სოხუმელი მოხალისეების დაკომპლექტებული I ბატალიონი იდგა. ბატალიონი აჩადარას ხიდს და ქალაქის ცენტრისაკენ მიმავალ საავტომობილო მაგისტრალს იცავდა. მათ გვერდით პოზიციები III ბატალიონს ეკავა. თავდაცვითი ხაზის ცენტრალურ ნაწილს სოხუმელებით და რუსთაველებით დაკომპლექტებული მეორე ბატალიონი იცავდა. ფრონტის სამხრეთით სარკინიგზო ხიდს და შუქურას რაიონში შემავალ მაგისტრალს VI ბატალიონი იცავდა. დარტყმის ძირითადი მიმართულება სარკინიგზო სადგურთან და აჩადარასთან შეიქმნა. თუ სეპარატისტები პირველი და მეექვსე ბატალიონების წინააღმდეგობას დაძლევდნენ და ხიდებს აიღებდნენ, ისინი შეტევაში ჯავშანტექნიკასაც ჩართავდნენ. სწორედ ამიტომ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა სარკინიგზო ხიდთან და აჩადარასთან შეიქმნა. აფხაზებთან ერთად შტურმში მონაწილეობას იღებდა რუსი ოფიცრებისაგან დაკომპლექტებული ელიტარული ბატალიონი „ტაპირი“, რიგის ყოფილი ომონის ნაწილი, ბაგრამიანის ბატალიონი, ადიღელთა ბატალიონი, კონფედერატთა რაზმები და დნესტრისპირეთიდან გადმოსროლილი კაზაკების ბატალიონი. აჩადარასთან მდგარი პირველი ბატალიონის სანგრებში ფართომაშტაბიანი შტურმის კულმინაციის მომენტში ხელჩართული ბრძოლა მიმდინარეობდა. მიუხედავად მოწინააღმდეგის დიდი ადამიანური და ტექნიკური უპირატესობებისა ქართულმა ნაწილებმა ფლანგებზე შეტევას გაუძლეს. დილის 7:00 საათზე ცენტრში მეორე ბატალიონის რიგებში პოზიციებზე ფრონტის ხაზი მაინც გაირღვა. აფხაზურმა ფორმირებებმა ქალაქის გარეუბანში შეაღწიეს. გუმისთაზე განლაგებულ ბატალიონებს ალყაში მოქცევის საშიშროება დაემუქრათ, თუმცა გარღვევა მალე შეაჩერეს. წინა ხაზზე რეზერვიდან გადასროლილმა შავნაბადას ბატალიონმა და სოხუმის სამხედრო პოლიციამ მოწინააღმდეგე ალყაში მოაქცია და მთლიანად გაანადგურა.

 

16 მარტს განსაკუთრებული როლი არტილერიამ ითამაშა. იერიშზე გადმოსულ სეპარატისტთა უკანა ეშელონი ქართული ქვემეხების ცეცხლში მოჰყვა. აფხაზებმა უდიდესი დანაკარგი განიცადეს. აშკარა გახდა, რომ აფხაზთა შტურმი მიზანს ვერ აღწევდა. დაახლოებით 15:00 საათისთვის სეპარატისტებმა უკან დახევა დაიწყეს. დღის ბოლოს გუმისთა აფხაზებისგან მთლიანად გაიწმინდა.

 

მარტო დაღუპულების სახით აფხაზურმა მხარემ 1000-მდე კაცი დაკარგა. აფხაზებმა იმდენად დიდი დანაკარგი განიცადეს, რომ მათ რიგებში პანიკა წარმოიშვა. თუმცა ქართული მხარე იერიშზე არ გადასულა. ჯარი კონტრ-შეტევის ბრძანებას ამაოდ ელოდა. ამის გამო 16 მარტის გამარჯვება მხოლოდ ომის ერთ-ერთ ეპიზოდად დარჩა. მნიშვნელოვანმა სამხედრო წარმატებამ კონფლიქტის მიმდინარეობაზე გავლენა მაინც ვერ მოახდინა.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი