logo_geo
მალე თბილისს 3D რუკა ექნება
- +

21 მარტი. 2019. 02:10

 

„დედაქალაქს უახლოეს მომავალში 3D რუკა ექნება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის მერიამ ტენდერი გამოაცხადა და გამარჯვებულმა კომპანიამ მუშაობა პირველი მარტიდან დაიწყო.

„თბილისს მალე 3D რუკა ექნება, რომლის ნახვაც მოქალაქეებს შეეძლებათ. აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის ჩვენ გამოცხადებული გვქონდა ტენდერი და გამარჯვებული კომპანია მუშაობას პირველი მარტიდან შეუდგა. საბოლოო პროდუქტი მერიას დაახლოებით, ივლისში ჩაბარდება. აღნიშნულ მონაცემებს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურები თავის საქმიანობაში გამოიყენებენ. „გუგლის“ რუქისგან განსხვავებით, აღნიშნული 3D რუკა მოგვცემს შესაძლებლობას,  სხვადასხვა პარამეტრები გაიზომოს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

 

მისივე თქმით, 3D რუქის მონაცემები მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ვებგვერდზე – maps.tbilisi.gov.ge.

 

„გარდა იმისა, რომ არქიტექტურის, ურბანული განვითარების, გარემოს დაცვის, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამსახურებს, მუნიციპალურ ინსპექციას, მიწის ლეგალიზების კომისიას და რაიონულ გამგეობებს ყოველდღიურ საქმიანობაში გამოადგებათ ეს პროდუქტი, ასევე, მისი მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება მოქალაქეებისთვის ვებგვერდზე – maps.tbilisi.gov.ge. გარდა ამისა, 516 კვადრატულ კილომეტრზე შემუშავდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტი – თბილისის ორთოფოტო გეგმა. ჯამში, ორივე პროექტის ღირებულება დაახლოებით, მილიონი ლარი იქნება. გვგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია განახლება-მოწესრიგება და განსაკუთრებით 3D ფორმატი, სადაც მომხმარებელს ყველაფრის ნახვა შეეძლება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი