logo_geo
მთაში მუშაობის მსურველ პედაგოგს, შესაძლოა, მიწის ნაკვეთი და პირუტყვი გადასცენ
- +

21 მარტი. 2019. 12:07

 

 

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე რამდენიმე ინიციატივის შესახებ გახდა ცნობილი, რომლებსაც ჯერ საკანონმდებლო სახე არ აქვთ.

 

კონკრეტულად, მაღალმთიან რეგიონებში მომუშავე პედაგოგების პრობლემებზე საუბრის დროს, დეპუტატმა გუგული მაღრაძემ განაცხადა, რომ დაგეგმილია მასწავლებლების გადამზადება, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ, რამდენიმე საგანი ასწავლონ. ალექსანდრე ქანთარიას თქმით კი, მალე განხორციელდება იდეა, რომლის თანახმადაც მთაში სამუშაოდ წასულ პედაგოგს სარგებლობაში გარკვეული ქონება უნდა გადაეცეს, რომელიც შემდეგ მისი საკუთრება გახდება.

 

„განათლების სამინისტროში ფიქრობენ, რომ მთაში წასული მასწავლებელი რამდენიმე საგანში გადამზადდეს. მასწავლებელი ასწავლის არა ერთ საგანს, არამედ, რამდენიმე საგანს. მაგალითად გეოგრაფიას, ისტორიას, ქართულს ან ფიზიკას; მათემატიკას, ბიოლოგიას. ასეთი მიმართულება ისედაც არის არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, მთელ მსოფლიოში, რომ ასე ერთობლივად, რამდენიმე საგნის სწავლებას თავის პრიორიტეტი აქვს. ამ მხრივ არის მიმართულება, რომ ასეთი ტიპის მასწავლებლები მომზადდეს. ასევე მომხრე ვარ იმის, რომ მასწავლებელს, რომელსაც არა აქვს შესაძლებლობა, სკოლაში ჰქონდეს სრული დატვირთვა, თუ შეიძლება განვსაზღვროთ ის, რომ ერთი საათის ჩატარებისთვის, თუ მაგალითად ბარში არის 20 ლარი, მთაში იყოს 30 ლარი“, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.

 

რაც შეეხება ალექსანდრე ქანთარიას განცხადებას, მისი თქმით, სამინისტროში ჰქონდა საუბარი, რომ სოფლად და მთაში წასული პედაგოგების წახალისება მოხდეს.

 

„ვიმსჯელეთ, რომ მასწავლებელი სოფლად და მაღალმთიან რეგიონში თუ ჩავა, მას მივცეთ კარ-მიდამო, მივცეთ ნაკვეთი და პირუტყვი, რომ ასე თუ ისე, მას ჰქონდეს ეს ყველაფერი და რამდენიმე წლის მერე გადავიდეს პირად საკუთრებაში, ეს ინიციატივა იყო, გვქონდა საუბარი ამაზე და ვფიქრობ, უახლოეს მომავალში ეს საქმეში გადავა. ამაზე გვქონდა საუბარი მინისტრთან“, - განაცხადა ქანთარიამ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი