logo_geo
კობა კობალაძე: ავჭალა-გლდანის სკოლებში ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება ჩვენთვის პრიორიტეტული საკითხია
- +

21 მარტი. 2019. 17:49

 

ავჭალა-გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი კობა კობალაძე,  მის სამაჟორიტარო ოლქში შემავალი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დირექტორებს საქართველოს პარლამენტში შეხვდა. შეხვედრის მთავარ თემას სკოლებში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემატიკისა და 2019 წელს დაგეგმილი პროექტების გაცნობა წარმოადგენდა.

 

„2018 წელს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილესთან ერთად განვახორციელეთ ინფრასტრუქტურული ხასიათის პრობლემების ადგილზე შესწავლა, რა დროსაც მთელი რიგი საჭიროებები გამოვლინდა. სამინისტროსთან მჭიდრო კომუნიკაციითა და აქტიური მუშაობით, 2018 წელს ოთხ სკოლაზე ნაწილობრივი დაფინანსების გამოყოფა მოხერხდა. ამასთანავე, სამინისტროს ხელმძღვანელობასთან 2019 წლის ბიუჯეტის დაგეგმისას არსებული სკოლების პრობლემატიკის გათვალისწინებაზე შევჯერდით. აღსანიშნავია, რომ ჩვენი შუამდგომლობის საფუძველზე, ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს სამშენებლო-საპროექტო სამსახურის თანამშრომლებმა სკოლებში არსებული პრობლემატიკის დეტალიზაცია მოახდინეს, რაც აისახა კიდეც 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში“, - განაცხადა კობა კობალაძემ.

 

დეპუტატის განმარტებით, ავჭალა-გლდანის მე-20 სამაჟორიტარო ოლქში 10 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს. მიმდინარე წელს სკოლების რეაბილიტაციის საპილოტე პროგრამაში 6 სკოლა ჩაერთო. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია გეგმის მიხედვით განხორციელდება.

 

სკოლის დირექტორებთან გამართულ შეხვედრას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეები: ნათია ზედგინიძე-ჯიშკარიანი და ირინე აბულაძე ესწრებოდნენ, რომლებმაც დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სკოლებში განსახორციელებელ სამუშაოებზე დეტალურად ისაუბრეს. ასევე, ოლქში შემავალ თითოეულ სკოლაზე გამოყოფილი ფინანსების ათვისებასა და ტენდერების ჩატარებაზე ინფორმაცია წარმოადგინეს.

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი