logo_geo
ჯონ ჰერბსტი: საქართველოს წინააღმდეგ უწყვეტი აგრესიის გამო, რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ვისურვებდი
- +

22 მარტი. 2019. 11:32

 

„ვისურვებდი საქართველოს წინააღმდეგ უწყვეტი აგრესიის გამო, რუსეთისთვის სანქციების დაწესებას“, - ამის შესახებ „ატლანტიკური საბჭოს“ ევრაზიის ცენტრის დირექტორი და ამერიკის ყოფილი ელჩი უკრაინასა და უზბეკეთში ჯონ ჰერბსტი, „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.

 

„ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია, სტატიას „ყირიმი - ძვირი ლუკმა რუსეთისთვის“ აქვეყნებს, სადაც უკრაინის კონტექსტში საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობაზეც არის საუბარი. ჯონ ჰერბსტი ამბობს, რომ „მცოცავი ოკუპაცია“ კრემლის მიერ წარმოებული აგრესიული პოლიტიკის ნაწილია.

 

„კრემლის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ არ დასრულებულა 2008 წლის შემდეგ. შიდა სადემარკაციო ხაზი ცხინვალის რეგიონსა და დანარჩენ საქართველოს შორის თანდათან იწევს საქართველოს მხარეს. საქართველოს მოქალაქეებს რუსი ჯარისკაცები აკავებენ, უხეშად ეპყრობიან და კლავენ კიდეც. ეს არის საშიში და სერიოზული საკითხი, რომელსაც სამწუხაროდ, დასავლეთი საკმარის ყურადღებას არ აქცევს. ვისურვებდი საქართველოს წინააღმდეგ უწყვეტი აგრესიის გამო რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, მაგრამ ეს პოლიტიკურად ძნელი წარმოსადგენია“, - აცხადებს ჯონ ჰერბსტი.

 

ყოფილ დიპლომატს მიაჩნია, რომ უკრაინასა და საქართველოში რუსეთის ქმედებები კრემლის იმპერიალისტური, რევიზიონისტული პოლიტიკის ნაწილია, რომელიც იქ არ მთავრდება. მისი თქმით, სწორედ ამიტომაა საჭირო და მნიშვნელოვანი რუსეთის შეჩერება ახლა, რომ იგივე არ განმეორდეს სხვაგანაც, ევროპაში.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი