logo_geo
დედაენის ბაღთან მდინარე მტკვარს ჯებირებს მოხსნიან
- +

22 მარტი. 2019. 17:03

 

თბილისის განვითარების ფონდმა ზაარბრიუკენისა და მშრალი ხიდების, ასევე, 9 მარტისა და დედაენის ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. პროექტის ფარგლებში, ამ ბაღებს შორის დამაკავშირებელი საფეხმავლო გვირაბიც მოეწყობა.

 

როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ თბილისის მერიაში განუცხადეს, პროექტი მიზნად ისახავს ქალაქის ისტორიულ ნაწილში დიდი ტურისტული მარშრუტის შექმნას, ძველი და ახალი რეაბილიტირებული ზონების ერთმანეთთან დაკავშირებას, ტურისტულად მნიშვნელოვანი მიზიდულობის ცენტრის - მშრალი ხიდისა და მიმდებარე არეალის ადაპტაციას დედაქალაქის სტუმრებისა და ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნებთან.

 

„პროექტის ფარგლებში კიდევ ერთი სიახლეა მტკვართან მიახლოების შესაძლებლობა. კერძოდ, დედაენის ბაღის მიმდებარე ტერიტორიიდან იუსტიციის სახლამდე ჯებირები და მოაჯირები გაიხსნება და ადამიანები მტკვართან მისვლას შეძლებენ კიბით, ისე, როგორც ეს ევროპულ, განვითარებულ ქალაქებშია. მტკვარი მაქსიმალურად იქნება გამოყენებული მომდევნო წლების განმავლობაში“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

 

კალაძის თქმით, ეს ადგილი პირდაპირ უკავშირდება ორბელიანის მოედანს, რომელიც რეაბილიტაციის პროცესშია. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ახალი აღმაშენებელი, აღნიშნული ხიდები, ბაღები და ორბელიანის განახლებული მოედანი ერთ ძალიან დიდ, საინტერესო სივრცეს შექმნის დედაქალაქში. ტერიტორია მოწესრიგდება და აქ დასაქმებულებს საშუალება ექნებათ, საქმიანობა კომფორტულ, ცივილურ გარემოში გააგრძელონ.

 

სარეაბილიტაციო სამუშაოები პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში განხორციელდება. რეაბილიტირებულ არეალში კეთილმოეწყობა მხატვრების გამოფენა-გაყიდვისა და ძველებური ნივთებით ვაჭრობის სივრცეებიც, რის შედეგადაც მოგვარდება მრავალწლიანი პრობლემები, რომელიც დისკომფორტს უქმნის თვითდასაქმებულებს, ადგილობრივ მომხმარებლებს და ტურისტებს.

 

პროექტის საერთო ღირებულება 9 679 520 ლარს შეადგენს და ის თბილისის მერიის ბიუჯეტიდან დაფინანსდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წლის ბოლოს დასრულდება.

 

სამუშაოები მერთან ერთად თბილისის განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი ბაიდარაშვილმა, მთაწმინდისა და ჩუღურეთის რაიონის გამგებლებმა დავით კირკიტაძემ და ზურაბ ჩიკვილაძემ, ასევე, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ დაათვალიერეს.

 

 

 

წყარო-MCM.GE

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი