logo_geo
ვლადიმირ ვაისი: შეგიძლიათ, წაგებისთვის გამაკრიტიკოთ, მაგრამ...
- +

23 მარტი. 2019. 23:49

 

 

„შვეიცარიასთან გახსნილი ფეხბურთი თვითმკვლელობა იქნებოდა. გადახედეთ, სად თამაშობენ მათი მოთამაშეები და სად – ჩვენები, ან მათი ფეხბურთელები ფიზიკურად როგორი მომზადებულები არიან“, – განაცხადა ვლადიმერ ვაისმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ შეხვედრის შემდეგ, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები შვეიცარიასთან 0:2 დამარცხდა.

 

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა აღიარა, რომ წაგება კანონზომიერი იყო.

 

„საქართველოს ნაკრების მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ თბილისში ყველაზე ძლიერ მეტოქეს ვეთამაშეთ. შედეგი კანონზომიერია. შვეიცარიის ნაკრების ფეხბურთელები ამ დონეზე და ასეთი დატვირთვით სამ დღეში ერთხელ თამაშობენ, ჩვენები კი – წელიწადში ექვსჯერ. მეორე ტაიმში ტემპს ვერ გავუძელით და გაგვიჭირდა. შეგიძლიათ გამაკრიტიკოთ, მაგრამ ეს რეალობაა. შვეიცარია ძლიერი გუნდია და ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გავიზარდოთ, მის დონეს რომ მივუახლოვდეთ,” – განაცხადა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

 

ვაისმა ის მიზეზები დაასახელა, რის გამოც საბა კვირკველია ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა.

 

„გადავწყვიტე, რომ შანსი ხოჭოლავასთვის მიმეცა, კვირკველიამ კი თავადაც იცის, რატომ არ ითამაშა. ეს ორაზროვანი ნათქვამი არაა, უბრალოდ, ახლა კაშიასთან წყვილში ხოჭოლავას დაყენება ვამჯობინე,” – თქვა მან.

 

საქართველოს ნაკრების სლოვაკი მწვრთნელი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ჯანო ანანიძემ სუსტად ითამაშა.

 

„ჯანო ანანიძემ პირველ ტაიმში საუკეთესო ფეხბურთი აჩვენა მას შემდეგ, რაც მე საქართველოში ვმუშაობ. მეორე ნახევარში მოედანზე ვითარება შეიცვალა და არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ანანიძეს, ქვილითაიას და კაკაბაძეს ტრავმების გამო დიდი დრო გაუცდათ და ეს მათ თამაშს დაეტყობა,”- განაცხადა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

 

ვაისის თქმით, ირლანდიასთან შემადგენლობაში ცვლილებები იქნება.

 

„შემადგენლობაში ორი-სამი ცვლილება აუცილებლად იქნება. შესაძლოა, ტაქტიკაც შეიცვალოს. ვნახოთ, ირლანდია რას დაგვიპირისპირებს. დღევანდელი მატჩის მსგავსად, დიდი ფიზიკური დატვირთვა გველის. მაგრამ შევეცდებით, რომ ქულები ავიღოთ და ამ ნაკრებთან უსიამოვნო სტატისტიკა დავარღვიოთ,” – განაცხადა ვაისმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი