logo_geo
ზურა ხაჩიძე: კობალაძის კომპანიისგან პასუხი, სამწუხაროდ, არასდროს მიმიღია!
- +

25 მარტი. 2019. 22:25

 

 

საავტორო უფლებების დაცვის ორგანიზაცია საქართველოში უკვე არსებობს, მაგრამ ქართველმა ხელოვანებმა საჭიროდ ჩათვალეს ალტერნატიული ორგანიზაციის დაფუძნება. ჰონორარების არასათანადო მონიტორინგი და საზღვარგარეთიდან გადმორიცხული თანხების დაკარგვა, ეს ის ძირითადი მიზეზებია, რის გამოც გადაწყდა ახალი ორგანიზაციის შექმნა. საინიციატივო ჯგუფის წევრებისთვის, მიუღებელია დღეს არსებული მექანიზმი, რითაც ხდება განსაზღვრა, თუ სად, როდის და რამდენჯერ გაჟღერდა კონკრეტული სიმღერა. მათ დღემდე არ იციან, როგორ ხდება თანხების დათვლა და განაწილება.

 

დამფუძნებლები გვპირდებიან, რომ ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, მოხდება კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანების უფლებების დაცვა, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მათი თქმით, სპეციალური მოწყობილობა გააკონტროლებს, რომელი სიმღერა სად და როდის შესრულდა და სწორედ ამის შემდეგ მოხდება ფინანსების ზუსტი გადანაწილება მომღერლებისთვის, კომპოზიტორებისთვის, არანჟირებისა და ტექსტის ავტორებისთვის.  ცნობილი გახდა, რომ არსებულმა, საავტორო უფლებების დაცვის ორგანიზაციამ უარი განაცხადა IP ტექნოლოგიების გამოყენებაზე.

 

დამფუძნებელთა რიგებშია მომღერალი ზურა ხაჩიძეც. ბრიფინგზე მან ისაუბრა ორგანიზაციის უპირატესობებზე და აღნიშნა, რომ საქართველოში მუსიკოსის პროფესია დაუფასებელია.

 

„ეს არის ის ორგანო, რომელიც გააკონტროლებს შემოქმედი ადამიანების სიმღერების გაჟღერების რაოდენობას. რაც მთავარია, მუსიკოსები, ტექსტის ავტორები და კომპოზიტორები მიიღებენ იმ ანაზღაურებას, რაც მათ ნამდვილად ეკუთვნით.  მე ხშირად დამისვამს ორგანიზაციისათვის კითხვა, თუ რატომ მერიცხება ამა თუ იმ ოდენობის თანხა, მაგრამ კობალაძის კომპანიისგან პასუხი, სამწუხაროდ, არასდროს მიმიღია!  არავინაა ვალდებული, უკვე არსებული საავტორო უფლებების დაცვის ორგანიზაციიდან წამოვიდეს. ახალი ორგანიზიციის წევრობა ნებაყოფლობითია.  მინდა ვიცოდე, ჩემს მუსიკას სად უკრავენ და რაში ვიღებ შემოსავალს, ან კიდევ რატომ ვერ ვიღებ მაშინ, როდესაც მას ხშირად უკრავენ  სხვადასხვა რესტორანსა თუ კლუბებში. დღევანდელ საქართველოში, სამწუხაროდ, მუსიკოსის პროფესია არაა დაფასებული“, - განაცხადა ზურა ხაჩიძემ.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი