logo_geo
რაჭაში, შესაძლოა, მთის ახალი კურორტი მოეწყოს
- +

2 თებერვალი. 2017. 01:33


 

რაჭაში, ბუბას მყინვარზე, შესაძლოა, მთის ახალი კურორტი მოეწყოს. კურორტის პოტენციალს სპეციალისტები რაჭის განვითარების გენერალურ გეგმაზე მუშაობის პროცესში შეისწავლიან.


„ბუბას მყინვარზე ნოემბრიდან მაისამდე თოვლია, თან კარგი ხარისხის. იყვენენ იქ სპეციალისტები და მათი შეფასებით, იქ სამთო კურორტის მოწყობა შეიძლება. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. გადაწყვეტილების მიღებამდე აუცილებელია კურორტის პოტენციალის დეტალური შესწავლა, რაც რაჭის განვითარების გენერალურ გეგმაზე მუშაობის პროცესშია დაგეგმილი. გენერალურ გეგმაზე მუშაობის დროს დეტალურად იქნება შესწავლილი ყველა ის შესაძლებლობა, რაც რაჭის სხვა კურორტებს - უწერას და შოვს აქვთ. კარგ სამთო კურორტად ქცევის პერსპექტივა აქვს შოვსაც" , - აღნიშნა „მთის ამბებთან" საუბარში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორმა, პაპუნა მარგველიძემ.


ბუბას მყინვარი ონის მუნიციპალიტეტში, რაჭის კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მწვერვალ ბუბას სამხრეთ კალთაზე მდებარეობს. მყინვარის სიგრძე 2,7 კილომეტრია, ფართობი 1,5 კმ². მყინვარის ენის ბოლო 2765 მ-მდე ჩამოდის.


საქართველოს ქალაქებისა და სოფლად განაშენიანების რეგულირების გეგმის შექმნა მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ნაწილია.


„სწორი სივრცითი მოწყობით საქართველო გახდება ოთხი სეზონის ტურისტული ქვეყანა, რაც უზრუნველყოფს ტურიზმიდან ახალი შემოსავლების მიღებისა და წლის განმავლობაში მათი სტაბილური განაწილების საშუალებას. მთელი საქართველოს მასშტაბით დაპროექტდება და დაიგება რაიონების დამაკავშირებელი სატრანსპორტო ქსელი, რომელიც ყველა რეგიონს მჭიდროდ დააკავშირებს ერთმანეთთან. გეოგრაფიული მდებარეობა აღარ იქნება ბარიერი ბიზნესის წარმოებისა და გადაადგილებისთვის. საქართველოს საავტომობილო გზების ქსელი გახდება მიმზიდველი სატრანზიტო გადაზიდვებისათვის, ხელს შეუწყობს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას, განაპირა და მაღალმთიან რეგიონებში სოფლის მეურნეობის განვითარებასა და რეგიონების დაკავშირებას", - აღნიშნულია მთავრობის 4-პუნქტიან გეგმაში.


რაჭის გენერალური განვითარების გეგმის შექმნაზე ტენდერი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უნდა გამოაცხადოს.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი