logo_geo
ხორცისმჭამელ შინაურ ცხოველთა ვეგანად გადაქცევას სულ უფრო მეტი მფლობელი ცდილობს
- +

30 მარტი. 2019. 15:23

 

კატები და ძაღლები ხორცისმჭამელი ცხოველები არიან, მაგრამ ეს ფაქტორი სულ არაფერს ნიშნავს მრავალი ადამიანისთვის, რომლებიც თავიანთი შინაური ცხოველების მცენარეულ საკვებზე გადაყვანას ცდილობენ.

 

კვლევის ფარგლებში აღრიცხვისას, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ძაღლისა და კატის 3673 მფლობელიდან 35 პროცენტს აქვს სურვილი, თავიანთი ოთხფეხა მეგობრები ვეგანებად აქციონ.

 

კვლევის მიზანი იყო, გარკვეულიყო, რამდენი მფლობელი ცდილობს ხორცისმჭამელ ცხოველთა ვეგანად გადაქცევას და რა გავლენას ახდენს კვების მცენარეული რაციონი ამ ცხოველებზე.

 

რესპონდენტთაგან მხოლოდ 212 იყო ვეგანი (5,8 პროცენტი). მათგან 78 პროცენტი თავიანთი ცხოველების მცენარეულ რაციონზე გადაყვანას აპირებდა. 58 ვეგანი, ანუ 27 პროცენტი, უკვე ასე იქცეოდა. ერთი ვეგეტარიანელი თავის ცხოველს ასევე ვეგანური რაციონით კვებავდა.

 

ძაღლები ე. წ. არასავალდებულო ხორცისმჭამელები არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში, მათ მცენარეული რაციონით გადარჩენაც შეუძლიათ. თუმცა, ასეთი რაციონის შემუშავებისას საჭიროა უფრთხილესი მიდგომა, რათა დავრწმუნდეთ, რომ ძაღლი მიიღებს ჯანმრთელობისათვის საჭირო ყველა ელემენტს. გარდა ამისა, ძაღლებს ძალიან უყვართ ძვლების ღრღნა, რაც ხელს უწყობს მათი კბილების სიჯანსაღეს და ფსიქიკურ ჯანმრთელობას.

 

მეორე მხრივ, კატები ე. წ. სავალდებულო ხორცისმჭამელები არიან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ მცენარეების ჭამა, მაგრამ შეუძლებელია, ჯანმრთელნი იყვნენ ხორციანი რაციონის გარეშე. შესაბამისად, ნამდვილად არ არის გონივრული, თქვენს კატებს ვეგანად გადაქცევა აიძულოთ. გაერთიანებულ სამეფოში ასეთი საქციელი სისხლის სამართლის დანაშაულია.

 

კვლევის დროს გამოიკვეთა კარგი ამბავიც. მიუხედავად იმისა, რომ მრავალ რესპონდენტს სურდა საკუთარ ცხოველთა გადაყვანა მცენარეულ რაციონზე, მათ უმეტესობას ამის გაკეთება იქამდე არ სურს, ვიდრე გამოჩნდება ცხოველთა ვეგანური საკვები, რომელიც ადეკვატურად ჩაანაცვლებს ცხოველებში ხორცის საჭიროებას.

 

აღსანიშნავია, რომ გამოკითხულ ხორცისმჭამელთა და ვეგეტარიანელთა ნახევარზე მეტს ამორალურად მიაჩნდა ძაღლებისა და კატების მხოლოდ მცენარეული საკვებით კვება.

 

თავიანთ ოთხფეხა მეგობართა ვეგანებად გადაქცევით დაინტერესებულნი კი წუხდნენ ფერმებში მოშენებულ ცხოველებზე, რომელთა ხორციც მათი ძაღლებისა და კატების ძირითად საკვებს წარმოადგენდა.

 

მკვლევრები შენიშნავენ, რომ საჭიროა მეტი კვლევა, რათა დადგინდეს შინაური კატებისა და ძაღლების მცენარეულ რაციონზე გადაყვანის პოტენციური რისკები.

 

კვლევა ჟურნალ „PLOS One“-ში გამოქვეყნდა.

 

მომზადებულია „ScienceAlert“-ის მიხედვით.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი