logo_geo
ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეს აღსანიშნავად სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
- +

2 აპრილი. 2019. 19:09

 

 

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეს აღსანიშნავად სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.

 

კონფერენციაზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსტიტეტის პროფესორებმა ზვიად გამსახურდიას პოლიტიკური ცხოვრების ძირითადი მომენტების შესახებ ისაუბრეს. სოხუმის უნივერსიტეტის რექტორის და საქართველოს მთავრობის ინიციატივით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის, საიუბილეო  თარიღთან დაკავშირებით, ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდია დაწესდა.

 

ღონისძიებას საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი კონსტანტინე გამსახურდია, საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატები, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

 

„მინდა, მოგილოცოთ დღევანდელი დღე, დღეს ჩვენი უნივერსიტეტის და არა მხოლოდ უნივერსიტეტის ცხოვრებაში არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე. თითოეულ ჩვენგანს გვესმის და  გაცნობიერებული გვაქვს დღევანდელი დღის არსი. ჩვენი უნივერსიტეტის არსებობაში დღევანდელი შეხვედრა არის ყველაზე ღირსშესანიშნავი, რომელიც ეძღვნება საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეს. 31 მარტი არის ზვიადის დაბადების დღე, 31 მარტი არის რეფერენდუმის დღე, რომელმაც განსაზღვრა 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობა. ჩემთვის, როგორც რექტორისთვის, პატივია, ვუმასპინძლო მის თანამებრძოლებს, მეგობრებს და სტუმრებს, რომლებმაც იციან, ვინ იყო ზვიადი და  რა როლი, ფუნქცია დააკისრა  განგებამ  მას“, - განაცხადა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა  ზურაბ ხონელიძემ.  

 

„სოხუმის უნივერსიტეტში აღვნიშნავთ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ეროვნული გმირის ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 80 წლისთავს. ბატონი ზვიადი არ გახლავთ უბრალო მოღვაწე, ის მეოცე საუკუნის უდიდესი მოღვაწე იყო, ერთ მოხსენებაში მასზე საუბარი, ბუნებრივია, შეუძლებელია თუმცა, ძირითად მოვლენებზე იქნება დღეს საუბარი“ , - განაცხადა სოხუმის სახელმწიფო უნივერისტეტის პროფესორმა თეიმურაზ გვანცელაძემ.

 

„ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდიის დანიშვნით სოხუმის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ გადადგა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნაბიჯი, და ეს არის მართლაც ძალიან დიდი დაფასება ზვიად გამსახურდიას ღვაწლისა და იმ ბრძოლისა, რომელიც 28-30 წლის წინ მიმდინარეობდა საქართველოს თავისუფლებისთვის. ვთვლი, რომ ეს ალბათ სამაგალითო გახდება ზოგადად ქართული სახელმწიფოსთვის და ასევე სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის, იქ, სადაც ცდილობენ, მიუკერძოებელი  და სამართლის შესაბამისი  სურათი ჩამოაყალიბონ იმ დღეებზე, როდესაც გამოიჭედა ჩვენი სახელმწიფოებრიობა“ . - განაცხადა ზვიად გამსახურდიას შვილმა კონსტანტინე გამსახურდიამ.

 

 

big_banner
არქივი