logo_geo
ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციისთვის დამატებით 12 მილიონი დაიხარჯება
- +

6 აპრილი. 2019. 14:05

 

 

თბილისში, გრიგოლ ორბელიანის მოედნის, მშრალი ხიდისა და მიმდებარე ტერიტორიის სრული რეაბილიტაციისთვის დამატებით 12 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება. სამუშაოები თბილისის მერიის ააიპ „თბილისის განვითარების ფონდის“ დაკვეთით შესრულდება. რეაბილიტაციისთვის ტენდერის გარეშე, პირდაპირი შესყიდვის წესით, უკვე იხარჯება 52 მილიონი ლარი. ასე დაიხარჯება 12 მილიონიც.

 

„თბილისის განვითარების ფონდში“ დამატებითი თანხის დახარჯვის მიზეზებს ასე ხსნიან:

 

რეაბილიტაციის პროცესი და ავტოსადგომის მშენებლობა დაიწყო დაგეგმილზე გვიან, სამუშაოების სირთულეების გამო ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზარდა;

 

შენობების რესტავრაციისას გაცილებით მეტი მოცულობის სამუშაოები აღმოჩნდა შესასრულებელი, ვიდრე მოცემული იყო საპროექტო გადაწყვეტილებებში.

 

გარდა ამისა, დასკვნით ეტაპზე გამოიკვეთა დამატებითი მიმართულებები:

 

სარეაბილიტაციო არეალში განთავსებული ისტორიულად ე.წ. მეყვავილეების სავაჭრო ტერიტორია, ამ მიზიდულობის კერის შენარჩუნების გამო აუცილებელი გახდა სპეციალური სავაჭრო სივრცის მოწყობა ისტორიული არეალის მოთხოვნების დაცვით;

 

აუცილებელი გახდა საფეხმავლო ქუჩებზე ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესება და რეკრეაციული ფუნქციის განვითარება;

 

მიწისქვეშა ავტოსადგომზე აუცილებელი გახდა ავტომობილების შესვლა/გამოსვლის აღრიცხვის ელექტრონული სისტემის დაყენება;

 

პუშკინის და ვეკუას ქუჩების კვეთაზე აუცილებელია სატრანსპორტო კვანძის მოწყობა;

 

საფეხმავლო ქუჩებზე საჭიროა განთავსდეს სამომავლოდ კულტურული ღონისძიების მოწყობისთვის და დამატებითი მიზიდულობის კერების შექმნისთვის ნახატების და ნაკეთობების გამოფენისთვის სპეციალური სტენდები.

 

„ზემოთ მოცემული გარემოებებიდან გამომდინარე, სახეზეა სარეაბილიტაციო სამუშაოების მოცულობის და შესაბამისად მათი ღირებულების ზრდის აუცილებლობა“, - განმარტავს „თბილისის განვითარების ფონდი“ შესყიდვების სააგენტოსთვის მიწოდებულ ინფორმაციაში. ამ თანხის დასახარჯად სწორედ მათი დასტურია საჭირო.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი