logo_geo
„როდესაც 9 აპრილს დედამ სიფრთხილისკენ მოუწოდა, მანანამ უთხრა: ქართველს თავისუფლება ძალიან სჭირდებაო, - და შინიდან გავიდა“
- +

10 აპრილი. 2019. 12:53

 

მანანა მელქაძე - 26 წლის

 

მშვიდი და რომანტიკული ბუნების მანანას უამრავი ინტერესი და მისწრაფება ჰქონდა. პროფესიით ფიზიკოსი, ძალიან კარგად ქსოვდა, კერავდა, ქარგავდა. დადიოდა ქართულ ცეკვაზე, მუსიკაზე. განსაკუთრებით უყვარდა „მთვარის სონატა“. „კავკასიური ცარცის წრე“ ჩვიდმეტჯერ ჰქონდა ნანახი... იზიდავდა გეოგრაფიაც. ოცნებობდა, საზღვრებს არ ეარსება და ბევრი ემოგზაურა. კარგი კულინარიც იყო და ხშირად ამზადებდა კერძებს მეგობრებისთვის. ერთი სიტყვით, ყველაფერი აინტერესებდა, ყველაფერს ისრუტავდა, თუმცა პოეზიას განსაკუთრებული ადგილი ეკავა მის ცხოვრებაში. მეგობრების წრეში ხშირად კითხულობდა ტერენტი გრანელის, გალაკტიონის, ლადო ასათიანის ლექსებს. კითხვა უყვარდა. წასაკითხი წიგნების სიაც კი ჰქონდა ჩამოწერილი. სიმბოლურია, რომ ამ სიაში ჰალდორ ლაქსნესის „დამოუკიდებელი ადამიანებიც“ იყო.

 

ამბობდა ხოლმე, მინდა, ისე მოვკვდე, ქვეყანა შეიძრას, ყველამ გაიგოს, რომ მანანა მელქაძე მოკვდაო.

 

როდესაც 9 აპრილს დედამ სიფრთხილისკენ მოუწოდა, მანანამ უთხრა: ქართველს თავისუფლება ძალიან სჭირდებაო, - და შინიდან გავიდა.

 

 

big_banner
არქივი