logo_geo
„ჩემ გარდა სხვა გოგონაც მოჰყავდა ამ ბიჭს“ – როგორ იხსენებენ სისხლიან 9 აპრილს თვითმხილველები
- +

10 აპრილი. 2019. 14:15

 

 

 

30 წლის შემდეგ, 9 აპრილს დემონსტრანტები იხსენებენ. დეტალურად აღწერენ მოვლენებს, ვითარებას, გადარჩენისთვისა და ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას.

 

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, რუსთაველზე, სადაც საბჭოთა ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების რაზმებმა მშვიდობიანი მომიტინგეები დაარბიეს, სხვა ათასობით ქართველთან ერთად ოჩამჩირელი ნონა ქობალია და კახათელი მანანა მებონიაც იყვნენ. ორივე მათგანი თბილისში საგანგებოდ საპროტესტო აქციებში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა. მათ მიტინგებზე ერთმანეთი არ ახსოვთ და დეტალებსაც განსხვავებულად იხსენებენ.

 

ნონა ქობალია, რომელიც მაშინ 35 წლის იყო, აქციებზე 18 წლის დასთან და მის კურსელთან ერთად დადიოდა. ამბობს, რომ გამოსვლების შესახებ სწორედ დამ შეატყობინა და გააფრთხილა, რომ თბილისში „დიდი ამბები“ მზადდებოდა.

 

„ეს არ იყო პირველი დიდი აქცია, რომელშიც ვმონაწილეობდი. მანამდე იყო თებერვლის, ნოემბრის… არ შეიძლებოდა, რომ იქ არ ვყოფილიყავი. დაიწყო აფხაზეთის, ლიხნის ამბებით. ხუთი აპრილისთვის კი მოხდა გარდატეხა: უცებ მოიხსნა ყველა და დადგა საკითხად ერთადერთი მოთხოვნა – საქართველოს დამოუკიდებლობა“, – იხსენებს ქობალია.

 

დებს და მათ მეგობარს აქციის არცერთი დღე და არც ღამე არ გამოუტოვებიათ. ღამით მოშიმშილე ბიჭების სოლიდარობის ნიშნად რჩებოდნენ, იხსენებს, როგორ ჭამდა ათეულობით ადამიანი ერთ პურს, როგორ მოჰქონდათ პლედები და სჯეროდათ, რამე რომ მომხდარიყო, ეს პლედები გადაარჩენდათ. აქციების დარბევა იშვიათად მხოლოდ ტელევიზორში ენახათ და ფიქრობდნენ, რომ მათი ამბიციური მიზნის მისაღწევად „ერთი ხელკეტის“ დარტყმისთვის უნდა გაეძლოთ.

 

ყველაზე მძიმე გასახსენებელი მისთვის 9 აპრილის გამთენიაა, როცა წინა ღამის შემდეგ თბილისის ცენტრში, დაახლოებით, 8 000-მდე ადამიანმა მოიყარა თავი. ახლა ამბობს, რომ მაშინდელ მისი მოქმედებების ახსნა ფიზიკური კანონებით შეუძლებელია. დღემდე ვერ ხსნის, როგორ არ მოიწამლნენ ქიმიური ნივთიერებით, ან როგორ შეძლო ჭყლეტისგან საკუთარი თავისა და ორი ადამიანის დაღწევა.

 

„გამოჩნდნენ მოულოდნელად…დარაზმულები იყვნენ, დიდი ფარებით და კიდევ უფრო დიდები ჩანდნენ… მაინც ვფიქრობდით, რომ გადავრჩებოდით… მახსოვს, ჩემი და და მისი მეგობარი ინსტინქტურად ჩავიკარი გულში და ვუთხარი, ნუ გეშინიათ, თუ მოვიდნენ, აგერაა „ადიალები“- მეთქი… საშინელი ხმები წამოვიდა… უცბად დაიწყო ჭყლეტა და ვიგრძენი, რომ ვკვდებოდი… გოგონები სადღაც ქვევით იყვნენ. არ ვიცი, როგორ, მაგრამ ამოვათრიე… მახსოვს, მთავრობის სახლის განათებული ფანჯრები და ხალხი, რომელიც ამ ფანჯრებს აწყდებოდა, როცა მოედანზე შუქი ჩამქრალი იყო. შემდეგ უცბად სიცარიელე მახსოვს და ჩვენი აქციის ადგილი, როგორც ბრძოლის ველი… ტალღამ სადღაც წაგვიყვანა. მერე აღმოვაჩინე, ფეხი რაღაცას წამოვკარი, სისხლის თქრიალით მომდიოდა… ისიც კარგად მახსოვს, ქაშუეთში არ შეგვიშვა მილიციამ, დაარბევენო და იქვე, პატარა სახლებში შევედით…

 

 

ვხედავ, ერთი ბიჭი ზის, შუბლი გატეხილი აქვს, მაგრამ დიასახლისს ხელი უკანკალებს და სხვა უხვევს… ხელი რომ მოვკიდე, ცივი იყო მიცვალებულივით.

 

მერე ვიღაც ძალიან ლამაზი გოგო სარკეში თვალებს იწმენდს და ამბობს, რომ დედა დაკარგა. გაღიზიანებულები ვიყავით და ვიღაცამ უყვირა, რას იპრანჭები, დედაშენი იქნებ სახლშია უკვეო. მერე აღმოვაჩინეთ, რომ ის ერთ-ერთი გარდაცვლილის - მზია ჯინჭარაძის ქალიშვილი იყო…

 

წავედით ვარაზისხევთან, სადაც მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია და ირაკლი წერეთელი იყვნენ. მერაბი თვალებს ისრესდა, თურმე, ისიც გაზით მსუბუქად მოწამლულა… მახსოვს, მუხრან მაჭავარიანის და მისი მძღოლის გვერდით ვიდექი, რომელსაც ამაყად ეჭირა საქართველოს დროშა. აბა, სახლში როგორ წავიდოდით… მერე ხმა გაისმა, რომ აქაც მოდიოდნენ და უზარმაზარ ღობეზე გადავძვერით უნივერსიტეტის ეზოდან საავადმყოფოში. ექიმები გაფითრებულები იყვნენ და ერთმა სახლში წაყვანა შემოგვთავაზა. წავყევით, სადარბაზოსთან ჩამოვედით და ისევ უკან მოვბრუნდით… მერე იყო გაუთავებელი გამოსვლები, დაკრძალვები…“, – ჰყვება ნონა ქობალია.

 

ამბობს, რომ დიდი ხნის განმავლობაში, გამთენიისას ერთსა და იმავე დროს ეღვიძებოდა. მას შემდეგ ბევრი ტკივილი, ომი გამოიარა, ახლობელი ადამიანები დაკარგა, თუმცა 9 აპრილის ღამის მდგომარეობიდან ახლაც უჭირს გამოსვლა.

 

„ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ტრაგიზმზე აღმოცენებულ დიდი გამარჯვების ქვეყანაში. 9 აპრილი იყო, როგორც „წელი ათასი ვითარცა ერთი დღე და დღე იყო უფრო გრძელი წუთისოფელზე“… ყველაფრის მიუხედავად, ასეთი ბედნიერი არასოდეს ვყოფილვარ, რადგან ასე ერის ნაწილად თავი არასოდეს მიგრძნია… თითოეული ჩვენგანი, ჯარისკაცი იყო და რომელიმე ლიდერს რომ ეთქვა, დავიშალოთო, ისევე მოვკვეთდით ჩვენგან, როგორც ყველა სხვას… არ დავუჯერებდით, როგორც არ დავუჯერეთ პატრიარქს. ეს არის ჩვენი ქვეყანა, ზოგჯერ დავიჩოქებთ, ხან წინ წავალთ, მაგრამ მთავარია, რომ თავისუფლები ვართ. ეს ქვეყანა 9 აპრილის შვილია, როგორც მინიმუმ 70 წლიანი ომის შედეგი“, – გვეუბნება ჩვენი რესპონდენტი.

 

მოგვიანებით, წიგნში, რომელიც ამ ტრაგიკულ ღამეს მიეძღვნა, ქობალიების მამის ლექსიც დაიბეჭდა, რომელსაც რეფრენად ერთი ფრაზა გასდევს: „საქართველოს ღამეს უთევს ჩემი ორი ასული“…

 

„ვიდექი კინო „რუსთაველთან“, როცა დაიწყო დარბევა. ალბათ ეს მოხდა ღამის 3 საათის მერე… მივხვდი, იქ ყოფნას, წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა და საჯარო ბიბლიოთეკისკენ ჩასასვლელი გზით, დაახლოებით, 3 კილომეტრი გავირბინე. არასდროს არ დამავიწყდება ის მანძილი, რაც გავიარე… ეს იყო, რა თქმა უნდა, შეურაცხმყოფელი, იყო უსუსურობის განცდაც.

 

დილამდე სადღაც უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ვიყავით, რუსთაველის იმ მონაკვეთს არ გაგვაკარეს… მახსოვს, დილისკენ მობრუნება ვცადეთ – მსურველი ბევრი იყო და მახსოვს, რომ პირდაპირ ტანკით გამოგვეკიდნენ, დაახლოებით, 2 კილომეტრი მოგვდევდნენ … დაუნდობლად, დაგეშილები…

 

დილით აქცია უნივერსიტეტთან განახლდა – ვიღაცებმა მოახერხეს შავი ნაჭრების დარიგება, რადგან უკვე გვქონდა ინფორმაცია, რომ იყო სერიოზული მსხვერპლი და დაუნდობელი ჩეხვა. მახსოვს შავი სამკლავურები და შავი ნაჭრებით თავწაკრული ადამიანები“, – ჰყვება მანანა მებონია.

 

 

9 აპრილის მოვლენების შეფასების დროს ამბობს, რომ ეს გაბედული და სამშობლოსთვის თავდადებული ადამიანების შექმნილი ისტორიაა, რომელთაც შეძლეს, დაეშალათ ბოროტების იმპერია.

 

მანანა მებონიას და ნონა ქობალიას, ისევე, როგორც იმ ათასობით ქართველს, რომელიც 29 წლის წინ თბილისში აქციებში მონაწილეობდა, მთავარი – საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა და ამ ბრძოლაზე გავლილი ერთი და იგივე გზა აერთიანებთ, რომელიც ორი წლის შემდეგ ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებით დასრულდა.

 

ახალციხელი ციალა ჯინჭველაძე საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილ მშვიდობიან დემონსტრაციებში აქტიურად მონაწილეობდა. მაშინ იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიური ფაკულტეტის მეხუთე კურსის სტუდენტი იყო. 1989 წლის 9 აპრილს, ტრაგედიის ღამეს უნივერსიტეტის მეგობრებთან ერთად მაშინდელი მთავრობის სასახლის წინ იმყოფებოდა. დღემდე არ იცის, ვინ იყო ის მორაგბე, რომელმაც დარბევის დროს სიკვდილს გადაარჩინა.

 

„ჯარისკაცების ალყაში ვიყავი და ვფიქრობდი, სად გავქცეულიყავი. მიწისქვეშა გადასასვლელში ჩასვლა გადავწყვიტე, რადგან ვერ გადავრჩებოდი ვერანაირად. ჩემ გვერდით აღმოჩნდა მორაგბე ბიჭი, რომელმაც ხელი მტაცა, გაქცევაში დამეხმარა, დავკარგე ფეხსაცმელი, ქურთუკი გამეხა, მაგრამ არ გამიშვა ხელი და ბოლომდე მატარა. რუსთაველზე თეატრალური ინსტიტუტის წინ იყო „წითელი კაფე“, იქ შევედით და შემოგვიგდეს მომწამვლელი ქილა და კიბეებზე დავეცი, თვითონაც დაიღალა იმიტომ, რომ ჩემ გარდა სხვა გოგონაც მოჰყავდა ამ ბიჭს. გაზმა იმოქმედა და იქვე იტალიური ეზოა, ოჯახები ცხოვრობდნენ, პირველადი დახმარება აღმოგვიჩინეს, ზოგმა საერთოდ არ იცოდა, რა ხდებოდა. გონს რომ მოვედი, უკვე ოჯახში ვიყავი“, – ამბობს ციალა ჯინჭველაძე.

 

9 აპრილის კიდევ ერთი მონაწილე დავით ფეიქრიშვილია. სამედიცინო ინსტიტუტის მესამე კურსის სტუდენტი დემონსტრაციების ტალღას პირველივე დღიდან შეუერთდა, – ჯერ სამედიცინოს წინ გამართულ აქციებს, მოგვიანებით კი რუსთაველზე დაწყებულ პროტესტს.

 

„კომენდანტის საათი რომ გამოცხადდა, მაშინ დამიჭირეს, ერთი კვირის განმავლობაში დაჭერილი ვიყავი, გამომაცხადეს დაღუპულად, მაგრამ კი გამოვჩნდი მერე. ხელი არ უხლიათ, კომენდატურაში შეგვკრიბეს. შინდისფერი დროშები გვეჭირა, გამაჩერეს და დამაკავეს ანტისაბჭოთა პროპაგანდის მიზეზით“, – ასე იხსენებს 9 აპრილს დავით ფეიქრიშვილი.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი