logo_geo
მუხრან მაჭავარიანს დღეს 90 წელი შეუსრულდებოდა
- +

12 აპრილი. 2019. 15:40

 

 

1929 წლის 12 აპრილს სოფელ არგვეთში დაიბადა გამოჩენილი ქართველი პოეტი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი - მუხრან მაჭავარიანი, რომელსაც დღეს 90 წელი შეუსრულდებოდა.

 

მუხრან მაჭავარიანის ლექსები სანიმუშოა თანამედროვე ქართული პოეზიისთვის და თარგმნილია რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ და სხვა ენებზე.

 

მუხრან მაჭავარიანის ერთ-ერთი საუკეთესო კრებული „სიჩუმე უშენოდ“ ევგენი ევტუშენკომ თარგმნა რუსულ ენაზე.

 

დედა

 

როს „არას“ ნაცვლად - ამბობდი „ალას“,

როცა შენს ხმაში აპრილი ჟღერდა;

ხსოვნაში ტკბილად ჩარჩენილ „ნანას“ -

ვინ გიმღეროდა?!

- მშობელი დედა.

 

ეზოში როცა იტკენდი რამეს, -

ვინ გაჩნდებოდა იმ წუთში შენთან?!

შენი გულისთვის უძილო ღამეს

ვინ ათენებდა?!

- მშობელი დედა.

 

ახლა, - ხელში რომ გიჭირავს წიგნი, -

შენს სიცოცხლეში იმედს ვინ ჰხედავს?!

შენს მომავალზე დღედაღამ ფიქრით

ვინ ვერ ისვენებს?!

- მშობელი დედა.

 

ამ ქვეყანაზე შენი სიკარგე

ვის უხარია ყველაზე მეტად?!

ყველაზე უფრო, - თუკი ივარგებ, -

ვინ იამაყებს?!

- მშობელი დედა!

 

 

big_banner
არქივი