logo_geo
გადაურჩა თუ არა NOTRE DAME DE PARIS-ს ხანძარს დავით აღმაშენებლის ცხოველმყოფელი ჯვარი
- +

17 აპრილი. 2019. 01:51

 

 

ნიჭიერი კაცია ჩემი მეგობარი კახა გვალია და პოეტურად თქვა: „ისე ჩაიფერფლა ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი ოცნება, რომ ვერც კი ვნახე (ახლოდან, თორემ ფიქრებში და წარმოსახვაში რამდენჯერ მიმოგზაურია, რამდენი სხვადასხვა სახის ,,ესმერალდა” მყოლია და მიკოცნია მისთვის, წვიმას შეფარებულს)… შენობას რა თქმა უნდა აღადგენენ… შეიძლება უკეთესი კირქვაც გამოიყენონ და ბევრად ლამაზიც იყოს ის ახალი, მაგრამ ის ჩემი, ერთი ლამაზი ოცნების ეპოქა დამთავრდა და გულის რაღაც ნაწილიც დაფერფლა ხანძარმა, რომელსაც ვერცერთი კირითხურო თუ ქვა ვეღარ შელესავს… ვუსამძიმრებ ფრანგებს, ჩემი დაფერფლილი ოცნების პატრონებს“.

 

ჩემი ბავშვობის ოცნებაც ჩაიფერფლა… ესმერალდაც და კვაზიმოდოც…

 

ბევრის აუხდენელი ოცნება იყო Notre Dame de Paris…

 

 

დაიწვა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი და „ექსპერტებმა“ „დასკვნა“ „დადეს“, ვერსიების ცვენა იყო წუხელ ქართულ სოციალურ ქსელში. ზოგმა ცოდვებიო, ზოგმა მასონებიო, ზოგმა რა და ზოგმაც რა. რა თქმა უნდა, ვერსიების მომხრეთა მიხედვით დაიდო, თქვენი არ ვიცი და  ჩემი გადმოსახედიდან, ამაზრზენი კომენტარები – ქილიკი, დაცინვა, სხვისი მოსაზრების უპატივცემულობა…

 

მოკლედ, ყველაფერი იყო წუხელ…

 

ალბათ, დღესაც გაგრძელდება…

 

„რაზგონი“ „ნაროდს“ აღებული აქვს და რაღა შეაჩერებს, მორიგი ჯოჯოხეთის გარდა – კიდევ ერთხელ ხომ უნდა დაანთხიონ ბალღამი, შხამი…

 

არც დაიცალნენ…

 

აქ რა მოსატანია, მაგრამ დომენიკ მანგოს, მაგალითად, ცეცხლმოკიდებული ტაძარი უფრო მოსწონს და ტრაგედიისაგან აღფრთოვანებული ისეთ ვიდეოს აქვეყნებს, ნებისმიერი პარიზელი და არაპარიზელი(ც), ცეცხლმოკიდებულ ტუალეტში გამოსაბუგადაც რომ ვერ გაიმეტებს „ნოვი ღრუზინს“, ამხანაგ კუკური ბარამიძეს, ტუალეტს შეურაცხყოფა რომ არ მიაყენონ, მხოლოდ ამიტომ – არც დაიცალა…

 

რა დაკარგა საფრანგეთმა და მსოფლიომ?

 

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი (ფრანგ. Notre Dame de Paris), ნოტრ-დამი — გოტიკური საკათედრო ტაძარი პარიზის ილ-დე-ლა-სიტეს აღმოსავლეთ ნაწილში, მთავარი შესასვლელით დასავლეთიდან.

 

პარიზის ნოტრ-დამი ერთ-ერთი პირველი გოტიკური ტაძარი იყო და შენდებოდა მთელი გოთიკური პერიოდის განმავლობაში. პარიზის ნოტრ-დამი ასევე ერთ-ერთი პირველი შენობა იყო მსოფლიოში, სადაც არკ-ბუტანტები, ე. წ. მფრინავი საყრდენები გამოიყენეს გუმბათების გასამაგრებლად.

 

 

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი – კათედრალური ეკლესია – აღმართულია კუნძულ სიტეზე, რომელსაც პარიზის შუაგულში ქმნის მდინარე სენის ორი ტოტი. ტაძრის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა 1163 წელს. მშენებლობა დაიწყო პატრონიკეთი, რომელიც დამთავრდა 1182 წელს, მთავარი კორპუსი კი – 1196 წელს. დასავლეთის პორტალებიანი ფასადი ძირითადად დამთავრდა 1208 წელს, ცალკეული ნაწილების მშენებლობა კი XIII საუკუნის შუა წლებამდე გაგრძელდა. ძეგლმა მრავალნაირი გადაკეთება განიცადა. განახლდა XIX საუკუნის შუა წლებშიც.

 

ძირითადად იგი იგებოდა ლაონის კათედრალის (XII ს.) ნიმუშით, რომელსაც ადრეული გოტიკის განვითარების ისტორიაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. თუმცა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს არ აქვს მისი სიმსუბუქე და სინარნარე. ვერც შემდეგი დროის (XIII ს. შუა წლებში) არქიტექტორებმა შეძლეს დაეძლიათ მისი მასიური სიმძიმე, როდესაც მის წინახედს ამთავრებდნენ. ჟან დე შელმა და პიერ დე მონტერიელმა შეძლეს XIII საუკუნის მეორე ნახევარში თავიანთი დროის შესაფერისად მიეღწიათ განივი ნავის ფასადის გოტიკური სიმსუბუქისათვის.

 

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს ჰქონდა 130 მეტრი სიგრძე, 50 მეტრი სიგანე და 34 მეტრი სიმაღლე. იგი ხუთ ნავიანი კათედრალური ტაძარი იყო, მთავარი ნავის კვადრატული უჯრედებით, მასიური სვეტებით და მძიმე კედლებით. ჰქონდა 37 კაპელა-ეკვდერი და მდიდრულად მოჩუქურთმებული პატრონიკე. დიდებულ ფასადს ამშვენებდა სამი შიგნით შეღრმავებული ისრულ კამარიანი მთავარი კარი, ზემოთ – ოცდარვა სამეფო წალოს – ნიშის მოქარგული და დაკბილული არშია; მის ზემოთ შუაში დატანებულია უზარმაზარი მრგვალი სარკმელი – ვარდული, მარცხნივ და მარჯვნივ ორი სარკმელი; კიდევ უფრო მაღლა, სარკმლების თავზე, იყო მაღალი და ნარნარი, სამყურას ფორმის ჩუქურთმებით მორთული კამაროვანი გალერეა, რომლის წვრილ და ფაქიზ სვეტებზე დამყარებული იყო მძიმე ბაქანი; ბოლოს, ამ ბაქანზე აღმართული იყო მთელი ფასადის გვირგვინი ორი დაუმთავრებელი, მაღალი, მასიური კოშკი (68 მ), მათ შორის უკან, შუაჯვარედინზე, აღმართული მოჩანდა  წვრილი შპილი (წვეტი).თაღის სივრცის სიმაღლე აღწევდა 32.5 მეტრს. გარდა ამისა, ეს დიადი ქმნილება თვალს აჯადოებდა თავისი ურიცხვი ქანდაკებებით, ნაძერწი და ჭედური ჩუქურთმიანი დეტალებით. ყოველივე ერთად შეერთებული კი ქმნის მშვენიერ ანსამბლს.

 

ის, რაც შეიძლება ყველამ არ იცოდეს

 

 

 

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ის ადგილი იყო, სადაც იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინი ინახებოდა. ბუნებრივია, კაცობრიობა სწორედ ქრისტეს გვირგვინის გადარჩენისთვის  ლოცულობდა („პეროიანთა“ გასაგებ-გასაგონად – საფრანგეთი მუხლმოდრეკილი ლოცულობდა წუხელ, ლოცვა არ რაის სასაცილო თემა) და როდესაც ტაძრის წარმომადგენლმა განაცხადა – „ის უნდა გადარჩეს, რადგან ინახება საგანძურში, რომელიც ცეცხლგამძლეა“, სამყარომ შვებით ამოისუნთქა. გუშინვე Le Figaro-მ  გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხანძრამდე რამდენიმე დღით ადრე ტაძრის სახურავიდან რესტავრაციისთვის მოხსნეს ბრინჯაოს თექვსმეტი ქანდაკება.

 

ბევრმა არ იცის, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ინახებოდა ქრისტეს ჯვრის ნაწილისგან დამზადებული დავით აღმაშენებლის ჯვარი.

 

ისტორია:

 

1099 წელს, იერუსალიმის აღების შემდეგ, ჯვაროსნებმა დააარსეს იერუსალიმის სამეფო. წმინდა ქალაქში არსებული ტაძრები დაიკავეს და მათში კათოლიკური ეკლესიები აამოქმედეს. ჯვრის მონასტრისთვის, რომელიც ისტორიულად ქართულად ითვლებოდა და აშენებული იყო იმ ადგილას, სადაც წმინდა ჯვრის ხე გაიზარდა, ხელი არ უხლიათ, რადგან, საქართველოს მეფე დავით აღმაშენებელთან ჰქონდათ მჭიდრო პოლიტიკური და სამხედრო კავშირი – ქართული ჯარის ნაწილები ეხმარებოდნენ ჯვაროსნებს იერუსალიმის აღებისას. წმინდა მიწაზე არსებობდა სხვა ქართული სავანეებიც. ჯვაროსნები დიდ სიმდიდრეს სწირავდნენ ქართულ მონასტრებს, რის გამოც, ისინი მოიხსენიებოდნენ იქაურ ქართულ აღაპებში.

 

1125 წელს გარდაიცვალა დიდი ხელმწიფე, დავით მეოთხე. მეთორმეტე საუკუნის უცხოურ ცნობებს შორის მოიპოვება ერთ წერილი „ანსელის წმინდა საფლავის კანტორისაგან, პარიზის ღვთისმშობლის კრებულს. იერუსალიმითგან“, რომელსაც ათარიღებენ 1108 წლით. ის გვამცნობს იერუსალიმიდან პარიზში გაგზავნილი ცხოველსმყოფელი ჯვრის ნაწილის შესახებ. წერილში მოხსენიებულია დავით აღმაშენებელი და მისი ქვრივი. აღნიშნული წერილის შესახებ აზრთა სხვადასხვაობა არსებობს ისტორიკოსებს შორის. ზოგი თვლის, რომ ავტორს შეცდომა მოუვიდა, რადგან 1108 წელს დავით აღმაშენებელი ცოცხალი იყო; ზოგს მიაჩნია, რომ წერილი უფრო გვიანაა დაწერილი, მას მერე, რაც საქართველოს ტახტზე ავიდა დიმიტრი პირველი, დავით მეოთხის ძე და დათარიღებაა მცდარი. მეორე თვალსაზრისი უნდა იყოს უფრო სწორი. წერილი იერუსალიმიდან ფრანგმა სასულიერო პირმა, ანსელუსმა გააგზავნა პარიზში. ქართული თარგმანი გადმოწერილია ისტორიკოსისა და საზოგადო მოღვაწის, ზურაბ ავალიშვილის, 1925 წელს, გამოცემული წიგნიდან „ჯვაროსანთა დროიდან“ (შემოკლებით):

 

 

 

„ანსელუსი, იესო ქრისტეს სახელოვანი საფლავის კანტორი და ხუცესი, გალონ ეპისკოპოსს, სტეფანე მთავარ დიაკონს და პარიზის ღვთისმშობლის სრულიად კრებულს პატივისცემას და სიყვარულს უცხადებს, მერე დასძენს:

 

…იმ ნიჭთაგან  ღმერთმა რომ მომცა, ნიჭი ერთი ფრიადი და შეუდარებელი, ესე იგი ჯვარი, წმინდა ძელითგან ქმნილი, მე, თქვენმა მოყვარემ, თქვენი ეკლესიის, თქვენდა და თქვენი ქალაქის საპატივოდ, სასახელოდ და ასამაღლებლად, ანსელმს, ერთგულსა თქვენსა გავატანე, რომლისაგან თქვენი წიგნი ჩემდამი გამოგზავნილი მივიღე.

 

როგორც ბერძენთა და ასურთა ნაწერები გვასწავლიან, ქრისტეს ჯვარი ოთხ ძელთაგან ყოფილა შემდგარი. მათში ერთი ის იყო, რომელზეც პილატემ ზედწერილი დაწერა, მეორე – სად იესო ქრისტეს გაშლილი მკლავნი და ხელები მიმაგრებული იყო; მესამე, რომელს მისი ტანი ეკიდა, და მეოთხე – რომელში თვით ჯვარი გამაგრებული იყო და რომელიც გვერდის და ფერხთა სისხლის დაღვრით გავლილია და კურთხეული.

 

ხოლო ის ჯვარი, თქვენ რომ გამოგიგზავნეთ, ორი ძელითგან არის გაკეთებული. იქ რომ ჯვარია ჯვარში ჩადებული, ჩადებული იმ ძელისა არის, რომელზეც ეკიდა, სადაც ჩართულია იმ ძელისაა,  ფეხთა ქვეშ რომ იყო და ჯვარს რომ ამაგრებდა; ორივე პატიოსანი, ორივე წმინდა.

 

ამ ჯვარსა დავით, მეფე ქართველთა სანამ ცოცხალი იყო, უაღრეს თაყვანისცემას და სიყვარულს უძღვნიდა, ის დავით, რომელს, მისი წინაპრებივით, კასპიის კარი – გოგსა და მაგოგს რომ ზღუდავს – ეჭირა და დარაჯობდა, რასაც შვილი მისი აქამომდე ასრულებს, ვისი ქვეყანა და სამეფო მედელთ (იგულისხმება მიდია) და სპარსთა წინააღმდეგ ჩვენი, ასე ვთქვათ, წინა ბურჯია.

 

შემდგომად დავითის სიკვდილისა და მისი შვილის გამეფებისა, მეუღლემ მისმა, უფრო სიწმინდის, ვიდრე გვარიშვილობისათვის სათაყვანომ, წესი მონაზონობისა მიიღო, სარწმუნოების სამოსელი ინება და მცირეოდენ (მხლებელით) იერუსალიმს მივიდა, იმ ჯვარის და ბევრი ოქროს თანწამოღებით, და იყო მისი წადილი არა შინ დაბრუნება, არამედ აქ მშვიდობასა და მყუდროებაში სიცოცხლის დასრულება.

 

იმ წამოღებულ ოქროთგან წმინდა ქალაქის მონასტრებს წილები დაურიგა, ასევე გლახაკთა და მგზავრთათვის მისაცემი გაიღო. შემდგომად ამისა, უფალ პატრიარქ გიბელინის ხელქვეით ქართველ დედათა მონასტერში, იერუსალიმს რომ არის, შესულა. მალეც, დათა და პატრიარქის თხოვნით წესი მონაზნობისა მიიღო.

 

ბოლოს წამოღებული სულ დაარიგა, გასცა და მონასტრის საჭიროებისათვის დახარჯა და ოდეს ჩვენი ქვეყანა შიმშილობამ შეაწუხა, თვითონ მისი ხელქვეითებით გაჭირვებაში ჩავარდა, და თუმცა, ბევრი რამ საჩუქრად ან სესხად მიეღო, მაინც მისი ქველის გრძნობით იძულებული გახდა იმ მონასტრის მოთხოვნილებისათვის, მას რომ ებარა, ისე მოქცეულიყო, როგორც საკუთარ ხორციელ საჭიროებისათვის არასგზით არ იმოქმედებდა.

 

ამრიგად ის ძელი, არა ვითარი ფასის შესადარი, ამ მიზეზით ფასად იქცა და აჰა გამოგიგზავნეთ.“…

 

შემდეგ ანსელუსი აღწერს წმინდა ჯვრის ისტორიას. მისი თქმით, კონსტანტინე დიდის დედამ, დედოფალმა ელენემ, როცა აღმოაჩინეს წმინდა ჯვარი იერუსალიმში, ორად გააჭრევინა, ერთი ნაწილი კონსტანტინოპოლს წაიღო, მეორე კი იერუსალიმში დატოვა. შემდეგ ქრისტიანებმა, რათა უამრავი შესაძლო ხიფათის გამო არ დაკარგვოდათ, იერუსლიმის ძელი ჭეშმარიტის ჯვარი, დაჭრეს ნაწილებად და პატარა ჯვრები გააკეთეს, მათგან ქართველთა პატრიარქს აქვს ერთი, ქართველთა მეფესაც ერთი ჰქონდა, ახლა კი თქვენი საკუთრება არისო.

 

ჯვრის წაღება პარიზში ანსელუს ხუცეს დაუვალებია ბერ ანსელისთვის, რომელიც გარდაცვლილა და მისია  დაუსრულებია მის შვილს, ფულკს. ანსელუსი ითხოვდა, მოეხსენიებინათ წარწერაში და გარდაცვალების მერე, ლოცვებში (ღმერთმა მიხედოს მათ სულებს და ყველა მორწმუნეს სულს).

 

 

ზურაბ ავალიშვილს უკვირდა, როგორ შეიძლება, ასეთ უწმინდეს საუნჯეს, რელიკვიას შელეოდნენ საქართველოს სამეფო კარზე, გაეგზავნათ იერუსალიმში და მერე კი ქვრივ დედოფალს გაეყიდაო. და იქვე პასუხობს, ალბათ, ლაპარაკია მხოლოდ ჯვრის პატარა ნაწილზე, რადგან ქრისტეს ჯვრის ნაწილები, საქართველოში კიდევ არსებობს: „ერთი პატარა ჯვარი  (წმინდა კონსტანტინესა და წმინდა ელენეს სახეებით) ხახულის ხატს რომ ამკობს, მაგრამ, ყველაზე სახელოვანი ამ დარგისა, რასაკვირველია, თამარ მეფის საკუთარი, გულსაკიდი ჯვარია, ხოფის მონასტრის (სამეგრელოში) ბერებმა ჩვენს დრომდე ერთგულად რომ შეინახეს და რომლის ასომთავრული წარწერა შემდეგია: „ძელო ჭეშმარიტო, ძალო ჯვარისაო, შენითა წინაწარძღომითა ყოვლადვე შემწე და მფარველ ექმენ მეფესა და დედოფალსა თამარს“.

 

მაშასადამე, წმიდა ჯვრის სხვა ნაწილებიც არსებობდა საქართველოში, ამიტომ, დიმიტრი მეფე, დავითის ძე, არ შეეწინააღმდეგებოდა დედინაცვალს, გურანდუხტ დედოფალს, იერუსალიმში წაეღო ერთ-ერთი მათგანი. პარიზში სიწმინდე დაუსვენებიათ ბაზილიკაში, რომლის ადგილას აუშენებიათ პარიზის ღვთისმშობლის დიდებული ტაძარი. საფრანგეთის რევოლუციის დროს ტაძარი გაიძარცვა, მაგრამ, რელიკვია გადარჩა.

 

საინტერესოა, რომ საფრანგეთის დიდ რევოლუციამდე პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში, თურმე, არსებულა, ასევე წმინდა ჯვრის სხვა ნაწილიც, მანუელ კომნენოსის (ალბათ, ბიზანტიის იმპერატორის, 1143-1180) ბერძნულ წარწერიან ჯვარში ჩასმული. ალბათ, ეს ორი სხვადასხვა რელიკვიაა. ეს რელიკვიაც შემონახულია.

 

საინტერესოა ზემოთ აღნიშნული ფრანგული ცნობა, რომ წმიდა ჯვრის ორი ნაწილი ინახებოდა საქართველოში. წერილში საინტერესოა გადმოცემა საქართველოს სამეფო ოჯახის შესახებაც, რომლის მიხედვით, დავით აღმაშენებელი დიდად მორწმუნე მეფეა, მისი ქვრივი კი პატივსაცემია უფრო მეტად თავისი მორწმუნეობით, ვიდრე მთავრული წარმოშობით. იქვე, საქართველოს სამეფო გამოცხადებულია იერუსალიმის ქრისტიანული სამეფოს ბურჯად, დავით აღმაშენებელს და ქართველ მეფეებს უკავიათ კასპიის კარი, და გოგისა და მაგოგის ველური ხალხების გადმოსვლისგან იცავენ იერუსალიმს, და ევროპას.

 

დაბოლოს, კიდევ ერთი ისტორია, რომელიც შეიძლება არ იცოდეთ:

 

 

“დაუმორჩილებლობა არ ნიშნავს აკრძალული წიგნების შეგროვებას, შეთქმულების თეორიებსა და წმინდა გრაალზე ოცნებებს. დაუმორჩილებლობა – უმაღლესი წესრიგის მორჩილება და დეგრადირებულ სამყაროსთან შერკინებაა”, – ამ სიტყვების ავტორმა დომინიკ ვენერმა, 78 წლის, ცნობილმა ფრანგმა მწერალმა და ისტორიკოსმა 2013 წლის 22 მაისს, მრავალრიცხოვანი მომლოცველებისა და ტურისტების თვალწინ, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის საკურთხეველთან ბელგიური პისტოლეტით მოიკლა თავი. შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციელებმა გარდაცვლილს ჯიბეში აღმოუჩინეს რამდენიმე წერილი. ერთ-ერთი წერილი იქ მყოფ საზოგადოებას ხმამაღლა წაუკითხა ვენერის თანამოაზრემ – “მსხვერპლად ვწირავ თავს ერის სინდისის გასაღვიძებლად“.

 

თვითმკვლელობამდე ერთი დღით ადრე ვენერმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა განცხადება, სადაც საზოგადოებას მოუწოდებდა დაეგმოთ საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილება ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციის შესახებ. “ახლა წყდება ჩვენი ბედი. ეს ის წამია, რომელიც მთელ ცხოვრებას უდრის. ამიტომაა მნიშვნელოვანი, სიცოცხლის ბოლო წამამდე ვიყოთ ის რაც ვართ. აუცილებელია ახალი, ეფექტიანი აქციები, რათა გავაღვიძოთ მთვარეულნი და ნარკოზით დაბინდული გონება. დგება დრო, როცა სიტყვას საქმე უნდა მოჰყვეს!” – წერდა ვენერი.

 

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის საკურთხეველთან ვენერმა თავი, ბასტილიის მოედანზე ერთსქესიან ქორწინების მხარდასაჭერად დაგეგმილი კონცერტის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, მოიკლა. მაგრამ ამ სამწუხარო ფაქტმა ხელი ვერ შეუშალა გეი-ზეიმს, რომელიც მაინც ჩატარდა. მეორე დღეს კი ნახევრად შიშველი ფემინისტი ქალი შევარდა ტაძარში და იმავე საკურთხეველთან ცეკვით გაითამაშა ვენერის თვითმკვლელობის სცენა. აქტივისტს სხეულზე ეწერა: “ფაშისტო, განისვენე ჯოჯოხეთში!”, “ჩვენ გვწამს ჩვენი გეების!”

 

100 ათასობით ფრანგი მოქალაქე გამოვიდა პარიზის ქუჩებში ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ გამართულ აქციებში. ისინი აცხადებდნენ, რომ არ შეჩერდებიან, ვიდრე მთავრობა არ გააუქმებს ამ კანონს. ყველა ბავშვს აქვს უფლება იზრდებოდეს სრულფასოვან ოჯახში, ყავდეს დედაც და მამაც. ერთსქესიანთა ქორწინება კაცობრიობას ჩიხში შეიყვანს, რამეთუ მათ არ შეუძლიათ შვილების გაჩენა.

 

 

საფრანგეთის ულტრა მემარჯვენე პარტიის “ეროვნული ფრონტის” ლიდერმა ლე პენმა თვითმკვლელობა პოლიტიკურ ჟესტად შეაფასა: “ვენერი პატივისცემას იმსახურებს, ის ხალხის გამოღვიძებას ცდილობს”.

 

განცხადება გააკეთა ეროვნული კრების დეპუტატმა ჟაკ ბომპარმაც: “ვენერმა დაგვანახა, რომ ჩვენი საზოგადოება ავადაა და სწორ გზაზე დასაყენებლად საჭიროა გადამჭრელი ქმედება!”

 

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მოძღვარმა მონსენიორ პატრიკ ჟაკენმა განაცხადა. საკურთხევლის წინ თვითმკვლელობა ისტორიაში პირველად მოხდა

დომინიკ ვენერის ამ შემაძრწუნებელმა ნაბიჯმა მაინც ვერ შეაჩერა ზეიმი – ბასტილიის მოედანზე გეი-ქორწინებათა კანონის მიღების აღსანიშნავი კონცერტი მაინც ჩატარდა. არადა, ბასტილიის მოედანი ის ადგილია, სადაც რევოლუციის შემდეგ პირველმა თავისუფალმა ფრანგებმა დესპოტიზმის სიმბოლოდ ქცეული საძულველი ციხე დაანგრიეს და იქ აღმართულ დაფაზე წააწერეს  – “აქ ცეკვავენ!”

 

 

მასალა სხვადასხვა საიტებიდან სხვადასხვა ავტორების სტატიების მიხედვით მოამზადა დარეჯან მეფარიშვილმა

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი