დიპლომატი გელა ჩარკვიანი სოციალურ ქსელში საკუთარ თავთან მიცემულ ბლიც-ინტერვიუს აქვეყნებს, რომელიც შვილის ირაკლი ჩარკვიანის კითხვების მიხედვით არის შედგენილი:
„ბლიც-ინტერვიუ საკუთარ თავთან:
მაღიზიანებს - როცა ამბობენ რაგბს და არა რაგბის;
ვგრძნობ - სამყაროს გულისცემას;
მეშინია - ლომის ღრიალის. საზარელია. პირველად პატარობისას გავიგონე ზოოპარკში;
ვიცი - სოკრატე ამბობდა არაფერი ვიციო და მე რა უნდა ვიცოდე;
არ ვიცი - მთავარი, თუ რა არის ჭეშმარიტება;
შემიძლია - სიყვარული;
არ შემიძლია - ბევრი რამ, მათ შორის ფიგურული სრიალი;
ვმეგობრობ - ჩემ 19 წლის კატასთან;
ვაპატიებ - ვინც კი მთხოვს პატიებას;
ვიცინი - ადამიანების სნობიზმზე;
ვტირი - მხოლოდ პირადი აპოკალიფსის წუთებში;
ვეძებ - ჩემნაირ ადამიანს;
ღირსი ვარ - თუ რისი, ჩემი გადასაწყვეტი არ არის;
ვჩხუბობ - როცა აგვიანებენ;
ვკარგავ - მოთმინებას;.
მშურს - ვისი უნდა მშურდეს?!
ვემალები - სერიოზულ მამაკაცებს და იდეით გულანთებულ პასიონარიებს (ქალებს);
ვემტერები - სეზონური გრიპის ვირუსებს;
მაინტერესებს - როდის გათავისუფლდება რუსეთი იმპერიული ამბიციებისაგან;
არ მაინტერსებს - ვინ გახდება მსოფლიოს ჩემპიონი ფეხბურთში 2022, 2026 და, კიდევ უფრო ნაკლებად, 2030 წელს;
მახსოვს - სტალინი, ბერია და კაგანოვიჩი;
მრცხვენია - არ გეტყვით;
უარვყოფ - ყველა სახის დოგმატიზმს;
ვავადმყოფობ - აღარ, მას შემდეგ, რაც გრიპის ვაქცინას ვიკეთებ;
ვმალავ - ეროგენულ ზონას;
ვინახავ - საიდუმლოებას. მენდეთ;
მწამს - რომ ქვეყანა ივლის სწორი გზით და ბოლოს მივა დანიშნულების ადგილზე;
მიკვირს - რატომ უნდებათ ადამიანებს, რომ გაწყენინონ;
მიხარია - შვილიშვილების წარმატება;
ვჭორაობ - ოჯახის წევრების ცხოველებზე;
ვდარდობ - იმას, რომ სმენა დამაკლდა;
ვამაყობ - თბილისით. ულამაზესი ქალაქია;
ვაკეთებ - ამჟამად თითქმის არაფერს;
ვეფერები - უფრო კატას. პატარა ნანა არ მაფერებინებს;
მსიამოვნებს - გრილი ნიავი;
მესიზმრება - ცუნამი;
ვეხმარები - აბსოლუტურ იდეას თვითშემეცნების საკითხებში;
ვეწევი - ზომიერად ლიბერალური დემოკრატიის პროპაგანდას;
მწყინს - როცა მთხოვენ დაუკარიო და მერე არ მისმენენ;
ვხარჯავ - მხოლოდ ჩემს ფულს, არ ვსესხულობ;
ვღალატობ - უკვე აღარავის;
ვკამათობ - მხოლოდ შესაფერის პარტნიორებთან;
ვუხეშობ - როცა ურიგოდ უნდათ შემოძრომა;
ვუსმენ - საკუთარი ჰორმონების ჩურჩულს;
ვყოყმანობ - გადაწყვეტილების მიღებამდე;
ვკითხულობ - დაახლოებით 100 გვერდს დღეში;
ვამზადებ - ბოსტნეულის სალათს და სოუს „გელასის";
ვუყურებ - ქართული ტელევიზიების ახალ ამბებს, BBC-ს და CNN-ს;
ვკლავ - დროს;
ვაფუჭებ - ყველაზე ხშირად კომპიუტერს;
ვცხოვრობ - პეკინის 14-ში;
ვცემ - პატივს ზოგიერთ ისტორიულ ფიგურას;
ვყვირი - აივნიდან;
ვმღერი - სუფრასთან;
ვასრულებ - ყველა დაპირებას;
დავდივარ - ქუჩაში, როცა ამინდი ხელს მიწყობს;
ვმკურნალობ - არაფერს;
ვერიდები - მეტისმეტად პოლიტიზირებულ სუბიექტებს;
ვთამაშობ - სოლიდური მოქალაქის როლს. (არც თუ წარუმატებლად);
ვიტყუები - როგორ გეკადრებათ;
ვეთაყვანები - ნეტავ, ვინ არის ამ ქვეყნად ისეთი, რომ ეთაყვანო;
ვგიჟდები - თეონას გაკეთებულ სოკოს ჟულიენზე, პლიუს ხრაშუნა ტოსტი და ორი დიდი ჭიქა ცივი სოვინიონ ბლანი;
მიყვარს - ახლობლები;
ვოცნებობ - უფრო მაღალი რიგის რეალობასთან კონტაქტზე;
ვფიქრობ - დღე და ღამე;
მძულს - თავხედი, უწესო მძღოლები;
ვნანობ - რომ ვერა და ვერ ვუთხარი ნანას როგორ მიყვარდა;
კმაყოფილი ვარ - რომ არა ტრაგედიები, მთლიანობაში ცხოვრებით;
მენატრება - გაგრა და ლიძავა;
მსურს - სულ უფრო და უფრო ნაკლები რამ. ეს არის ასაკის მთავარი პრობლემა;
ვაგროვებ - ქულებს;
ვიხდი - ბოდიშს;
ვეჭვიანობ - ახლა მხოლოდ სიზმარში;
ვკაიფობ - ღმერთმანი, არ ვკაიფობ;
ვიზიდავ - უმეტესად კარგი გემოვნების მქონე ადამიანებს;
ვალამაზებ - ყველაფერს რასაც კი შევეხები. როგორ მოგწონთ?", - ნათქვამია გელა ჩარკვიანის ბლიც ინტერვიუში.