logo_geo
მიწის უფასოდ რეგისტრაციის ვადა 1 ივლისს იწურება
- +

20 აპრილი. 2019. 16:25

 

 

სახელმწიფოს მხრიდან მრავალი მცდელობის მიუხედავად, დღემდე ქვეყანაში არსებული სასოფლო–სამეურნეო მიწების მხოლოდ 45%–ია დარეგისტრირებული, რაც რეგიონებში ეკონომიკის განვითარებას მნიშვნელოვნად აფერხებს.

 

M2B-მ გაარკვია, რატომ არის მნიშვნელოვანი მიწების სრულყოფილი რეგისტრაცია და როგორ ცდილობს სახელმწიფო პრობლემის მოგვარებას.

 

2016 წლის 1 აგვისტოდან საქართველოში ამოქმედდა კანონი, რომლითაც მიწის რეგისტრაცია გამარტივდა და პროცესი მოქალაქეთათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდა. მოქალაქის მიერ განცხადებისა და აზომვით ნახაზის წარდგენის შემდეგ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საკუთრების რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა პროცედურას თავად, უფასოდ ახორციელებს.

საჯარო რეესტრის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აღნიშნული რეფორმის ამოქმედებიდან დღემდე წარმატებით 646 000-ზე მეტი საკუთრების უფლება დარეგისტრირდა. დაკანონებული მიწის ნაკვეთების რაოდენობით რეგიონებს შორის იმერეთი, კახეთი და შიდა ქართლი ლიდერობენ. კანონის ძალაში შესვლიდან თითქმის 3 წლის თავზე შედეგები აჩვენებს, რომ მთელი მიწის ფონდის (ოკუპირებული ტერიტორიებისა და ტყის გამოკლებით) მხოლოდ 9% დარეგისტრირდა.

 

რატომ არ ინტერესდებიან მოქალაქეები ფაქტობრივად საკუთრებაში არსებული ნაკვეთების დაკანონებით და რა სარგებელი მოაქვს დარეგისტრირებულ მიწას მესაკუთრისა და ქვეყნისთვის? – M2B-ის კითხვებს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის აგრარული მიმართულების უფროსი მკვლევარი ირაკლი კოჭლამაზაშვილს პასუხობს.

 

მისი განმარტებით, ქვეყანაში მნიშვნელოვან პრობლემას მიწების ფრაგმენტაცია წარმოადგენს და მათი კონსოლიდაციისთვის, პირველ რიგში, მიწის რეგისტრაცია მაქსიმალურად უნდა მოხდეს. იგი აღნიშნავს, რომ დარეგისტრირებული მიწები არა მხოლოდ სოფლის მეურნეობის გამოსაცოცხლებლად არის აუცილებელი, არამედ ეს ინვესტორების მოზიდვასა და რეგიონებში ტურიზმის განვითარებასაც შეუწყობს ხელს.

 

„იმისთვის, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდეს ფერმერთა კლასი, საჭიროა მიწის საკმარისი ოდენობა იყოს მათ საკუთრებაში რეგისტრირებული. დარეგისტრირებული მიწები ხელს უწყობს სტატისტიკის წარმოებასა და მიწის სწორი პოლიტიკის გატარებას. იმისთვის, რომ ინვესტორი დაინტერესდეს, ის უნდა ხედავდეს სრულყოფილ სურათს, რაც ანალიზის საშუალებას მისცემს. ასევე გაადვილდება სოფლის მეურნეობაში განსახორციელებელი სხვადასხვა პროექტებისა და საინვესტიციო პორტფელების დაგეგმვა“,- აცხადებს M2B-სთან საუბარში ირაკლი კოჭლამაზაშვილი.

 

რაც შეეხება მიზეზებს, თუ რატომ არ ინტერესდება მოსახლეობა მიწების დარეგისტრირებით, მკვლევარი ამბობს, რომ ამაზე ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას. შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან საინფორმაციო კამპანიების ეფექტიანობის გასაზრდელად სისტემური მუშაობაა საჭირო.

 

„2018 წელს ჩატარებული მიწის რეგისტრაციის შესახებ ISET-ის კვლევის შედეგების მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მხრიდან წახალისება არის, კერძო მესაკუთრეები მიწების რეგისტრაციაში გატარებით არ ინტერესდებიან. ამის ძირითადი მიზეზებია: სოციალური დახმარების დაკარგვის შიში, ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში მისი დაკარგვის ალბათობა; მიწის გადასახადის არსებობა; დავები საზღვრების დემარკულაციის შესახებ; ტრადიციული ხედვა, რომ მიწა ეკუთვნის ოჯახს და არ უნდა დარეგისტრირდეს; მწვავე მიგრაცია; ფინანსების უქონლობა და სხვა. ასევე მნიშვნელოვანია მიწის რეგისტრაციის რეფორმის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა. ამიტომ მოსახლეობას სისტემურად, მეტი ინტენსივობითა და რაც მთავარია, სწორად უნდა მიეწოდოს ინფორმაცია, რა სარგებელი მოაქვს მიწის რეგისტრაციას“,-  უთხრა M2B-ს ირაკლი კოჭლამაზაშვილმა.

 

სასოფლო-სამეურნეო აღწერის უკანასკნელი მონაცემების მიხედვით, საქართველოში 574 000 მიწის ნაკვეთია. აქედან 77% ჰექტარზე ნაკლები ფართობისა და ფრაგმენტული ნაკვეთებია, მათი დიდი ნაწილი კი საერთოდ არ მუშავდება. მაშინ, როცა სოფლად დასაქმებული ადამიანების წილი მთელ სამუშაო ძალაში 40%-ს, ხოლო რეგიონებში შექმნილი საქონლისა და მომსახურების წილი მთლიანი შიდა პროდუქტში 7.7%-ს შეადგენს.

 

ცნობილია, რომ მიწის გამარტივებული წესით რეგისტრაციის რეფორმა ამჟამადაც მიმდინარეობს და 2019 წლის 1 ივლისს დასრულდება.

 

რეფორმის ფარგლებში მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი უფასო სერვისები:

 

საჯარო რეესტრის მიერ მოქალაქის ინტერესში დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია;

 

ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერის დამოწმება;

 

სანოტარო მედიაცია;

 

მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება;

 

ფაქტების კონსტატაცია;

 

მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია;

 

საკადასტრო აზომვითი ნახაზის გარეშე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების დაზუსტება.

 

 

სახელმწიფო მიწის მესაკუთრეებს დავების მოგვარებაშიც ეხმარება. ახალი კანონის ამოქმედებით სახელმწიფო მოქალაქეს დავის მოგვარების სწრაფ და იაფ მეთოდს სთავაზობს. მედიატორების, მათ შორის სანოტარო მედიაციის მეშვეობით, სახელმწიფო მოქალაქეებს საკუთრებაზე წარმოქმნილი დავების მარტივად, სასამართლო დავის გარეშე მოგვარება შეუძლიათ.

 

მიწის ნაკვეთების რეგისტრაციისთვის მოქალაქეებს იუსტიციის სახლებს, საჯარო რეესტრის ფილიალებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს შეუძლიათ მიმართონ.

 

 

big_banner
არქივი