logo_geo
ექიმების ინფორმაციით, ზუგდიდიდან ქუთაისში გადაყვანილი უკრაინის მოქალაქე 10 ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია
- +

21 აპრილი. 2019. 00:22

 

 

„ზუგდიდიდან ქუთაისში გადაყვანილი უკრაინის მოქალაქე 10 არასრულწლოვანი ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია“, - ამის შესახებ ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრ „ლჯ და კომპანიაში“ აცხადებენ. ექიმის ინფორმაციით, ყველა შემთხვევაში დაფიქსირდა კვებითი ინტოქსიკაცია.

 

„ბავშვებს გამოკვლევები უტარდებათ და ანალიზის პასუხები დილით იქნება ცნობილი“, - განაცხადეს ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრ „ლჯ და კომპანიაში“.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში კვებითი ინტოქსიკაციის ნიშნებით 10 ბავშვი შეიყვანეს, მათ შორის ერთი შვიდი თვის გოგონა. მოგვიანებით ბავშვები ქუთაისში გადაიყვანეს.

 

ამასთან, უკრაინის მოქალაქის მიერ საქართველოში 10 მცირეწლოვანი ბავშვის ჩამოყვანასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აწარმოებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, უწყებაში შესული ინფორმაციის თანახმად, 2019 წლის 8 აპრილს მოსკოვი-თბილისის რეისით საქართველოში ჩამოვიდა უკრაინის მოქალაქე, რომელსაც თან ახლდა 10 მცირეწლოვანი ბავშვი.

 

„შს სამინისტროს ხელთ არსებული დოკუმენტაციის თანახმად, 10-ვე ბავშვი ამ ქალბატონის შვილია. აღნიშნული ქალბატონი აპირებდა საქართველოდან აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას. 10 მცირეწლოვანი ბავშვიდან 4 დაბადებულია 2017 წელს. ვინაიდან აღნიშნულმა ფაქტმა გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ აღნიშნული შეიცავდა ტრეფიკინგის ნიშნებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება სსკ-ის 143 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით (ადამიანით ვაჭრობა - ტრეფიკინგი), რის ფარგლებშიც ტარდება აქტიური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები, რათა დადგინდეს ხომ არ აქვს ადგილი ადამიანებით ვაჭრობის ფაქტს. გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა უცხოელ პარტნიორებთან“, - აცხადებენ შსს-ში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი