logo_geo
დღეს დიდი მეცნიერისა და ისტორიკოსის ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეა (1876-1940)
- +

23 აპრილი. 2019. 11:56

 

ქართველი ისტორიკოსი და მეცნიერი ივანე ჯავახიშვილი  1876 წლის 23 აპრილს ქ. თბილისში დაიბადა.

 

ივანე ჯავახიშვილმა დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტის სომხურ-ქართულ-ირანული განყოფილება 1899 წელს.

 

 

1901–1902წწ. მიიწვიეს ბერლინის უნივერსიტეტში; 1902–1917წწ. იყო პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ფაკულტეტის ქართული და სომხური ფილოლოგიის კათედრის პრივატ-დოცენტი; 1907—1917წწ. ხელმძღვანელობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტთა სამეცნიერო წრეს; 1918–1919წწ. იყო ქართული უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის დეკანი; 1919–1926წწ. ამავე უნივერსიტეტის რექტორი; 1918–1938წწ.

 

ხელმძღვანელობდა საქართველოს ისტორიის კათედრას; 1936-1940წწ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის საქართველოს ისტორიის განყოფილებას ედგა სათავეში. იმავდროულად იგი იყო კავკასიისმცოდნეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-კონსულტანტი; 1937 წლიდან რუსთაველის სახელობის მუზეუმის დირექტორი; არის 170-ზე მეტი სამეცნიერო შრომის, მათ შორის 20-ზე მეტი მონოგრაფიის ავტორი;

 

ჯავახიშვილმა შექმნა ქართული წყაროთმცოდნეობის ფუძემდებლური ნაშრომი „ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ახლა“, რომელიც გამოიცა ოთხ წიგნად: „ძველი ქართული საისტორიო მწერლობა V—XVIII სს.“(1916, 1921, 1945, 1977), "ქართული საფას-საზომთამცოდნეობა ანუ ნუმიზმატიკა-მეტროლოგია"(1925), „ქართული დამწერლობათამცოდნეობა ანუ პალეოგრაფია“(1926, 1949), „ქართული სიგელთამცოდნეობა ანუ დიპლომატიკა“(1925); მას ეკუთვნის კაპიტალური შრომა „ქართველი ერის ისტორია“(5 წიგნად); ასევე შექმნა კაპიტალური ნაშრომი „ქართული სამართლის ისტორია“.

 

ამასთანავე ჯავახიშვილი მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობდა არქეოლოგიურ კვლევა-ძიებას; მის სახელთან არის დაკავშირებული 1930-იანი წლების შუა ხანებში ფართომასშტაბიანი არქეოლოგიური გათხრების დაწყება მცხეთასა და არმაზში; აქტიურად მონაწილეობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების მუშაობაში; მისი უშუალო ხელმძღვანელობით მოეწყო ვეფხისტყაოსნის 750 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა. მიღებული აქვს პეტერბურგის უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს ოქროს მედალი (1898). გახლდათ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

 

1940 წლის 18 ნოემბერს, ორშაბათს, საღამოს 8 საათზე, თბილისში, ხელოვნების მუშაკთა სახლში დანიშნული იყო აკად. ივანე ჯავახიშვილის ლექცია თემაზე: „ქართული ფილოლოგიისა და ძველი მხატვრული მწერლობის ისტორიის ამოცანები“.

 

დარბაზი ხალხით იყო სავსე. შეკრებილი საზოგადოება დიდი გულისყურით უსმენდა სახელოვან მამულიშვილს და მეცნიერს. ლექციის დაწყებიდან საათი და 15 წუთი იყო გასული.

 

ივანე ჯავახიშვილი ჟამთააღმწერლის თხზულებიდან ამონარიდს კითხულობდა. მოულოდნელად მას სიტყვა შუაზე გაუწყდა. ყველამ დაინახა, როგორ უცნაურად გადააქნია თავი საყვარელმა მეცნიერმა და შემდეგ მაგიდას უხერხულად დაეყრდნო…

 

სცენაზე პირველი აკაკი შანიძე აიჭრა… 9 საათსა და 40 წუთზე ივანე ჯავახიშვილი სცენიდან გაიყვანეს. შეძრწუნებული ხალხი არ იშლება, ის ექიმებისგან ცნობას ელის…

 

ექიმებმა სიკვდილის წინაშე თავისი უძლურება აღიარეს…

 

1940 წლის 21 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილი დაკრძალეს მის მიერ დაარსებული ქართული უნივერსიტეტის ეზოში, პირველი რექტორის - პეტრე მელიქიშვილის გვერდით.

 

 

 

 

big_banner
არქივი