logo_geo
ჯარში ქალების გაწვევა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს
- +

6 თებერვალი. 2017. 17:46


 


პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა დარეგისტრირდა, რომლის ავტორიც მოქალაქე ირინე ბარბაქაძეა. ცვლილებას „სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ" კანონი ითვალისწინებს, რომლის თანახმადაც, შემოდის ცნება - ჯარისქალი. ბარბაქაძე თავის განცხადებაში ქალების სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას ითხოვს და გენდერულ თანასწორობაზე საუბრობს.


როგორც საკანონმდებლო წინადადების ავტორი, მოქალაქე ირინე ბარბაქაძე განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონის თანახმად, არსებობს ქვეკანონი „საქართველოს კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ" და გენდერული თანასწორობა მამაკაცსა და ქალს ცხოვრების ყველა სფეროში თანაბარუფლებიან პირობაში აყენებს, ქალი მაინც სუსტ არსებად რჩება.


სახელმწიფო ხელს უწყობს მათ, შეხედულებისამებრ განსაზღვრონ თავიანთი ცხოვრების წესი. შესაძლებლობას აძლევს, კონკრეტულ დროს მიიღონ კონკრეტული გადაწყვეტილებები ისე, რომ მეორე მხარე არ დაზარალდეს, თუმცა, დედაკაცები მაინც სუსტ არსებებად რჩებიან. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სავალდებულო სამხედრო სამსახურში იგზავნებიან მხოლოდ მამაკაცები", - აღნიშნულია დოკუმენტში.


წინადადების შესახებ ინფორმირებულნი არიან უკვე საქართველოს პარლამენტში. ემზარ კვიციანი, რომელიც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრია, წინადადებას ხმას იმ შემთხვევაში მისცემს, თუ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა ნებაყოფლობითი იქნება, თუმცა დეპუტატი ქალის მთავარ პრიორიტეტად შვილების გაჩენას თვლის.

ამ წინადადების შესახებ ინფორმირებული ვარ, თუმცა ჩემი პოზიცია ასეთია: ქვეყანა დგას დემოგრაფიული პრობლემის წინაშე, ქალის მოვალეობაა, შვილები გააჩინოს და მერე თუ უნდა წავიდეს ჯარში. მე ამ წინადადებას მხარს იმ შემთხვევაში დავუჭერ, თუ ეს ნებაყოფლობითი იქნება, ქალბატონმა თინამ, როცა მინისტრი იყო, ამ ვალდებულებებისგან კაცებიც გაათავისუფლა და ქალისთვის მით უმეტეს, ძალის დატანება ჯარში სამსახურზე დაუშვებელია, მით უმეტეს, დაკარგული ტერიტორიების ფონზე", - განაცხადა ემზარ კვიციანმა.


სამხედროექსპერტი ირაკლი ალადაშვილი მიიჩნევს, რომ ჯარში გენდერული ბალანსი ისედაც დაცულია.

 

თუნდაც ის, რომ ცოტა ხნის წინ თავდაცვის მინისტრი იყო ქალი, გვიჩვენებს, რომ გენდერული ბალანსი თავისთავად დაცულია. ამ ეტაპზე, ჩვენ ჯერ ჩამოყალიბების პროცესში ვართ, სავალდებულო უნდა იყოს თუ არა მამაკაცების სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა და ქალებზე მგონი საუბარი ნაადრევია. თავდაცვის სამინისტროში არის ბევრი ქალი სამხედრო, რომელიც პირნათლად ასრულებს თავის მოვალეობას", - განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა.


მისცემენ თუ არა ხმას ქალბატონის მიერ შეტანილ წინადადებას მამაკაცი პარლამენტარები, ეს მაშინ გახდება ცნობილი, როცა წინადადება პარლამენტს განსახილველად წარედგინება.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი