logo_geo
გაერო საქართველოში სხვადასხვა პროექტზე 100 მილიონ აშშ დოლარს დახარჯავს
- +

1 მაისი. 2019. 13:34

 

გაერო-ს 16 სხვადასხვა სააგენტო 2019-2020 წლებში საქართველოში განსხვავებული შინაარსის პროექტებზე ჯამში 100 მილიონ აშშ დოლარს დახარჯავს. მომდევნო ორი წლის პრიორიტეტები გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ საქართველოს მთავრობას დღეს 2018 წლის ანგარიშთან ერთად წარუდგინა.

 

შეხვედრაზე ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებში მიღწეული შედეგებიც განიხილეს, როგორებიცაა: დემოკრატიული მმართველობა, დასაქმება და სოციალური დაცვა, განათლება, ჯანდაცვა და საზოგადოების უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების საკითხები. საქართველოში 2018 წლის მნიშვნელოვან მიღწევებს შორის გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ რამდენიმე გამოყო, მათ შორის პარლამენტის ღიაობის გაზრდა და მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერება, შრომის უსაფრთხოების კანონის მიღება, თამბაქოს კონტროლის კანონის ამოქმედება და 70 მილიონი აშშ დოლარის მობილიზება მრავალმხრივი საფრთხეების, მათ შორის ბუნებრივი კატაკლიზმების ადრეული შეტყობინების სისტემის განვითარებისთვის.

 

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა საქართველოს გადასვლა საპარლამენტო დემოკრატიის რეჟიმზე. ასევე სფერო, რომელიც მინდა ვახსენო, არის სოფლის განვითარება, როგორც ზოგადი კონცეფცია. საქართველოში მოსახლეობის 40 პროცენტზე მეტი ცხოვრობს სოფლად და ჩართულია ფერმერულ საქმიანობაში, მაგრამ მათი პროდუქტიულობა ისეთი მაღალი არ არის, როგორც უნდა იყოს, ამიტომ გაერო ევროკავშირთან ერთად ცდილობს, ეს მდგომარეობა გამოასწოროს.

 

სფეროები, რომელშიც გაერო მუშაობს და ეხმარება საქართველოს, ბევრია. ძალიან კომფორტულია ჩვენთვის საქართველოში მუშაობა და იმედი მაქვს, კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწევთ. გაერო-ს მუშაობის მთავარი მიმართულება და მიზანია, რომ არცერთი მოქალაქე ქვეყანაში არ დარჩეს განვითარების მიღმა“, – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოში გაერო-ს მუდმივმა კოორდინატორმა და გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა ლუიზა ვინტონმა.

 

big_banner
არქივი