logo_geo
ეროვნული გვარდიის პირველ აღლუმზე, საზეიმო ფიცის ტექსტი, პირველ გვარდიელებს, პირადად ზვიად გამსახურდიამ წაუკითხა
- +

30 აპრილი. 2019. 15:39

 

 

„ღვთისა და ერის წინაშე საჯაროდ ვფიცავ, პირნათლად ვემსახურო ჩემს სამშობლოს- საქართველოს, გვფარავდეს ღმერთი!“

 

1991 წლის 26 მაისს, ეროვნული გვარდიის პირველ აღლუმზე, საზეიმო ფიცის ტექსტი, პირველ გვარდიელებს, პირადად ზვიად გამსახურდიამ წაუკითხა. 38 დღით ადრე, 14 აპრილს, უზენაესმა საბჭომ იგი საქართველოს პრეზიდენტად აირჩია.

 

ისტორიული აღლუმი, სანახევროდ შევსებულ, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამოს“ სტადიონზე შედგა, რომელშიც ახლადშექმნილი პირველი და მეორე გვარდიული ბრიგადების, დაახლოებით, 10 000-მდე ოფიცერმა და ჯარისკაცმა მიიღო მონაწილეობა.

 

 

პირველი ეროვნული სამხედრო აღლუმის სარდლის, პოლკოვნიკ ავთანდილ ცქიტიშვილის გადაწყვეტილებით, აღლუმმა მძიმე სამხედრო ტექნიკის გარეშე ჩაიარა, სტადიონზე მხოლოდ ცხენოსანთა მცირე რაზმი იქნა გამოყვანილი.

 

მთავარსარდალს პირველმა ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოს უფროსმა, პოლკოვნიკმა გოგი პაპავაძემ მიმართა, აღლუმის სარდალს კი პრეზიდენტმა გვარდიის დროშა ოფიციალურად გადმოსცა. ტაბლოზე ანთებული იყო წარწერა „ეროვნულ გვარდიას დიდება!“, აღმოსავლეთ ტრიბუნაზე კი ეროვნული გვარდიის სიმბოლო – წმინდა გიორგი განათდა.

 

პირველად 70-წლიანი კომუნისტური ოკუპაციის შემდეგ, ქართველმა გვარდიელებმა ფიცი საკუთარი სამშობლოს სამსახურისთვის დადეს.

 

გასაგები მიზეზების გამო, ეს საბჭოთა ხაკისფერ სამხედრო ფორმაში გამოწყობილებმა გააკეთეს, ამ ფორმას საბჭოთა არმია ავღანეთის კამპანიის დროს იყენებდა. უმთავრესი სიახლე – შინდისფერი ბერეტი იყო, ულამაზესი ქართული კოკარდათი გაწყობილი.

 

 

ეროვნული გვარდიის მებრძოლის კოკარდა, 1991

 

ეროვნული გვარდიის ამჟამინდელი სარდალი, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე იხსენებს:

 

„განსხვავება იყო ის, რომ მხოლოდ გვქონდა შინდისფერი ბერეტები და ეროვნული გვარდიის ნიშანი, რომელიც წერეთელმა გააკეთა, ეს იყო შვიდქიმიან ვარსკვლავში ჩასმული წმინდა გიორგის გამოსახულება“.

 

დამოუკიდებელი საქართველოს შეიარაღებული ძალების შექმნისთვის ფუნდამენტის ჩაყრის მიზნით, ისტორიულ აღლუმს წინ, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ დონეზე, ტიტანური სამუშაო უსწრებდა,

 

1990 წლის 28 ოქტომბერს, პირველ მრავალპარტიულ არჩევნებში გამარჯვებულმა „მრგვალი მაგიდა – თავისუფალმა საქართველომ“ საბჭოთა არმიისა და მილიციის წინააღდეგ მაშინვე გაილაშქრა, ამ მიზნით, რესპუბლიკაში, ეროვნული გვარდია შექმნა და სამხედრო-სავალდებულო გაწვევის წესი შეცვალა.

 

ახალმა უზენაესმა საბჭომ 1990 წლის 20 დეკემბერს მიიღო კანონი “ადამიანის უფლებათა დაცვისა და მართლწესრიგის განმტკიცების შესახებ”. კანონის პირველ მუხლში ეწერა, რომ:

 

„საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შინაგანი ჯარები – ეროვნული გვარდია შეიქმნას, რომელიც სავალდებულო სამხედრო სამსახურში გასაწვევი მოქალაქეებით დაკომპლექტდება“.

 

1991 წლის 29 იანვარს ზვიად გამსახურდიამ გამოსცა ისტორიული

 

 

დადგენილება „ეროვნულ გვარდიაში გაწვევის წესის დამტკიცების შესახებ“. ორი დღის შემდეგ, „ამერიკის ხმის“ მოსკოველი კორესპოდენტი ჯულიან ნეგელი იტყობინებოდა:

 

„საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატებმა მისცეს ხმა იმას, რომ ახალგაზრდები საბჭოთა არმიის ნაცვლად, საქართველოს გვარდიაში გაიწვიონ. მათ, აგრეთვე, შესთავაზეს იმ ქართველებს, რომლებიც ახლა საბჭოთა არმიაში მსახურობენ, მოხალისეებად საქართველოს ეროვნულ გვარდიაში დაიწყონ სამსახური. საეჭვოა, რომ საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტრო მოიწონებს საქართველოს ამ გადაწყვეტილებას“.

 

 

1991 წლის 30 აპრილს, საქართველოში პირველი საგაზაფხულო გაწვევა გამოცხადდა, რომელმაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ჯანჯღავას სახელობის სასწავლო ცენტრში (ყოფილი ლესელიძის სამხედრო სკოლა) განთავსებულ სამხედრო კომისიას გეგმის მიხედვით, 18-დან 25 წლამდე, 800 წვევამდელი უნდა გაეწვია, რეალურად კი ეროვნულ გვარდიაში 8000-მდე მოქალაქე მივიდა.

 

მათ შორის, საბჭოთა ჯარიდან წამოსული პროფესიონალი ქართველი სამხედროებიც იყვნენ. ისინი უყოყმანოდ ჩადგნენ სამშობლოს სამსახურში, მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში, ეროვნულ გვარდიას თითზე ჩამოსათვლელი ჯავშანტრანსპორტიორი, ერთი ჰაუბიცა და ზვავსაწინააღმდეგო სამსახურიდან მობილიზებული რამდენიმე საზენიტო ტიპის ზარბაზანი ჰქონდა.

 

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, პროფესიით ფილოსოფოსი დავით თევზაძე, რომელიც 1991 წელს, ეროვნულ გვარდიას მოხალისეს სტატუსით შეუერთდა, ამბობს:

 

„მთელი წყება ქართველი ოფიცრებისა, რომლებიც საბჭოთა არმიაში მსახურობდნენ, მასობრივად გადმოვიდნენ ქართულ არმიაში სამსახურისთვის და ეს არ ეხება მარტო ახალგაზრდა თაობის ოფიცრებს, ძალიან ბევრი იყო ძველი თაობის პროფესიონალი სამხედროც“.

 

საბჭოთა მოსკოვი საქართველოში ეროვნული გვარდიის შექმნაზე უმწვავესად რეაგირებდა.

 

1991 წლის იანვარში, სსრკ პრეზიდენტმა გორბაჩოვმა, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ლუკიანოვის პირით გამსახურდიას შემოუთვალა, რომ გვარდიის შექმნას უკრძალავს.

 

საბჭოთა არმიის ოფიციალურ ბეჭდურ ორგანოში „Красная Звезда“-ში კი გამოქვეყნდა დამცინავი წერილი „ბატონი პრეფექტები და ბატონი გვარდიელები“. თუმცა, დიდი ისტორიული პროცესი უკვე დაძრული იყო..

 

ეროვნულ გვარდიაში, პირველი საგაზაფხულო გაწვევის ისტორიული დღე – 30 აპრილი, ქართული არმიის დაბადების დღეა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი