logo_geo
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: სწრაფად უნდა დასრულდეს აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციის პროცესი...
- +

7 მაისი. 2019. 11:39

 

 

საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, სწრაფად უნდა დასრულდეს აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციის პროცესი, რაშიც საპატრიარქო ინტენსიურად იქნება ჩართული.

 

როგორც დეკანოზმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა, შაბათს, 4 მაისს, საპატრიარქოში იმყოფებოდა სრულიად კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელის, ფაშა ზადეს წარმომადგენელი საქართველოში ალი ალიევი და კვირას, 5 მაისს, აზერბაიჯანის ელჩი დურსუნ ჰასანოვი. ისინი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, მიტროპოლიტ შიოს შეხვდნენ.

 

„ალი ალიევი პატრიარქსაც შეხვდა შემდგომში და ეს შეხვედრა იყო ძალიან თბილი. საუბარი შეეხო ბოლო დროს დავითგარეჯის მონასტერთან დაკავშირებულ და განვითარებულ მოვლენებს. მათ აღნიშნეს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში საპატრიარქოს პოზიცია, ვინაიდან ზოგიერთმა გამონათქვამმა საკმაოდ დაძაბა ვითარება ამ პროცესებთან მიმართებაში. ამიტომ, მათ ისურვეს, რომ საპატრიარქო იყოს ინტენსიურად ჩართული ამაში. თუმცა საპატრიარქოს პოზიციაც ეს არის, რომ რადგანაც დროდადრო ეს პრობლემა ჩნდება, უნდა გადაწყდეს საბოლოოდ, დასრულდეს ეს საზღვრის დემარკაციის პროცესი და საპატრიარქო იქნება ინტენსიურად ჩართული, მიადევნებს თვალს ამ პროცესს.

 

ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფებოდა ბაქოში და რომ ჩამობრძანდა, იყო განცხადება, რომ ეს კომისია განახლდება და უფრო ეფექტურად იმუშავებს. რაც შეეხება ვადებს, რთულია ვადებზე ლაპარაკი, მაგრამ ვითარება მოითხოვს, რომ სწრაფად მიმდინარეობდეს ეს პროცესი“, - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

 

 

 

big_banner
არქივი