logo_geo
„გთხოვ, დამელოდე, ოღონდ, დამელოდე“... - ემოციური ისტორიები სკოლიდან
- +

13 მაისი. 2019. 13:05

 

2015 წელს გორის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, შესვენების დროს, მანდატური ვეფხია ხოხაშვილი დერეფანში იმყოფებოდა და მოსწავლეებს თვალს ადევნებდა.

 

ამ დროს, მე-6 კლასელი ცელქი ბიჭუნა კიბის მოაჯირზე ჩამოსრიალებას შეეცადა. მას კიბეზე ფეხი დაუსხლტა და მოაჯირიდან ვარდებოდა. მანდატურმა წამებში მოახდინა რეაგირება, მოსწავლისკენ გაიქცა და ნახევრად ძირს გადავარდნილი ბიჭი ქურთუკის საყელოთი დაიჭირა.

 

„ყველაფერი წამებში მოხდა. როდესაც შესვენების ზარი დაირეკა, კიბესთან ახლოს ვიდექი, მეოთხე სართულზე. დავინახე, როგორ შეხტა მოსწავლე კიბის მოაჯირზე, ჩამოსრიალება უნდოდა, თუმცა თავი ვეღარ შეიკავა და ღობეებს შორის გამოძვრა. ის მე-4 სართულიდან ვარდებოდა. გააზრებაც ვერ მოვასწარი, ისე მივვარდი და ხელი ვსტაცე, საყელოთი დავიჭირე. როცა ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა, შიში მერე ვიგრძენი – წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება მომხდარიყო“,- ამბობს მანდატური ვეფხია ხოხაშვილი.

 

მანდატურმა შეშინებული ბავშვი დაამშვიდა და სთხოვა, ასე სახიფათოდ არასოდეს მოქცეულიყო.

 

2016 წლის აპრილში, ბათუმის ერთ-ერთი საჯარო სკოლის დერეფანში მყოფმა მანდატურმა შენიშნა, რომ საკლასო ოთახიდან მოსწავლეები გამორბოდნენ. მათ მანდატურთან ყვირილით მიირბინეს: „ძალიან ცუდადაა“… მანდატური სასწრაფოდ შევიდა საკლასო ოთახში და მე-7 კლასელი მოსწავლე დაინახა, რომელიც იატაკზე, უგონო მდგომარეობაში იწვა.

 

„ბიჭს გონება ჰქონდა დაკარგული, სახე გალურჯებოდა, პირიდან ქაფი სდიოდა, არ აღენიშნებოდა არც ერთი სასიცოცხლო ნიშანი. დაუყოვნებლივ გამოვიძახე სასწრაფო სამედიცინო დახმარება, მაგრამ დრო არ ითმენდა, თავად უნდა მემოქმედა. მას ადგილზე ჩავუტარე პირველადი სამედიცინო დახმარება, ხელოვნური სუნთქვა და გულის მასაჟი“,- ამბობს მანდატური ქეთევან ჯაფარიძე.

 

ბევრი მცდელობის შემდეგ, მანდატურმა მოსწავლის გონს მოყვანა შეძლო. როცა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანა, მის სიცოცხლეს საფრთხე უკვე აღარ ემუქრებოდა.

 

2019 წლის თებერვალში, თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლაში საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ, მანდატური სკოლის გარეთ ტერიტორიაზე იმყოფებოდა და შენობიდან გამომავალ მოსწავლეთა ნაკადს თვალს ადევნებდა.

 

ამ დროს, მისი ყურადღება მე-6 კლასელმა ბიჭმა მიიქცია, რომელიც გაბრაზებული და აღელვებული ჩანდა. ბიჭი ცდილობდა, ჩქარი ნაბიჯებით დაეტოვებინა სკოლის ტერიტორია. მან ჭიშკართან მიმაგრებულ სანიაღვრე ჟოლოფს გამეტებით მიარტყა მუშტი და გაიქცა. მანდატური ბიჭს უკან დაედევნა. მოსწავლე სკოლის უკან, მიტოვებულ, მშენებარე კორპუსში შევარდა და გაუჩინარდა. მას მანდატური ფეხდაფეხ მიჰყვებოდა, ეძახდა და სთხოვდა, შეჩერებულიყო.

 

„ინტუიციით მივხვდი, რომ მას საფრთხე ემუქრებოდა. ამიტომ დავედევნე. ვთხოვდი, შეჩერებულიყო და დამლოდებოდა. ვუყვიროდი: ძალიან გთხოვ, დამელოდე, ოღონდ, დამელოდე… ის კი გარბოდა და იმეორებდა: „ჩემი ცხოვრება მე მეკუთვნისო“… ძალიან შემეშინდა. ვცდილობდი, მხედველობის არედან არ დამეკარგა და დავწეოდი“,- ამბობს მანდატური ზაალ მორბედაძე.

 

მანდატური ბიჭს მაშინ მიუახლოვდა, როდესაც ის მშენებარე შენობის მეორე სართულიდან გადმოხტომას აპირებდა, ხელი ძლიერად წაავლო და თავისკენ მოიზიდა.

შემდეგ ისინი მიტოვებულ შენობაში კარგა ხანს ისხდნენ და საუბრობდნენ. მანდატურმა ბიჭის დამშვიდება შეძლო, ისინი სკოლის შენობაში ერთად დაბრუნდნენ. ზაალმა მოსწავლის მშობლებს, სკოლის ადმინისტრაციას და შესაბამის სამსახურებს მომხდარი ფაქტის შესახებ აცნობა.

 

ბიჭს მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგებმა საჭირო დახმარება აღმოუჩინეს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ამჟამად საფრთხე აღარ ემუქრება.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი