logo_geo
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების კომპლექსური რეფორმის შემდეგ ეტაპს იწყებს
- +

13 მაისი. 2019. 14:53

 

განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, სკოლებში სწავლების ხარისხის გაზრდის მიზნით, განათლების სამინისტრო ზოგადი განათლების მიმართულებით ცვლილებების შემდეგ ეტაპს იწყებს.

 

რეფორმის მიზანია სკოლებში ისეთი საგანმანათლებლო გარემოს ჩამოყალიბება, რომელიც მოსწავლეებს XXI საუკუნის გამოწვევების მისაღებად საჭირო ცოდნასა და უნარებს შესძენს. ამ მიზნის მისაღწევად კი აუცილებელია მაღალკვალიფიციური, მოტივირებული, თანამედროვე ცოდნით აღჭურვილი, ძლიერი მასწავლებლები, რომელთაც ღირსეული ანაზღაურება ექნებათ.

 

რეფორმის ფარგლებში, 2019 წლის სექტემბრიდან უფროსის, წამყვანის ან მენტორის სტატუსის მქონე ყველა მასწავლებელს ანაზღაურება 150 ლარით და მეტით გაეზრდება. ხელფასის ზრდა ყოველწლიურად გაგრძელდება და 2022 წლისთვის პედაგოგის საშუალო ანაზღაურება 1500 ლარს და მეტს გაუტოლდება.

 

სახელფასო ზრდა ასევე შეეხებათ რესურსცენტრების, სკოლების დირექტორებს და ადმინისტრაციის თანამშრომლებს.

 

პრაქტიკოსი მასწავლებლები, რომლებიც 2019 წლის ზაფხულში  დაადასტურებენ მინიმალურ კომპეტენციას და აიმაღლებენ სტატუსს, ასევე მიიღებენ გაზრდილ ანაზღაურებას ახალი სასწავლო წლის დადგომისას, 2019 წლის სექტემბრიდან.

 

პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებსაც უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისაღწევად მოთხოვნები ნაწილობრივ აქვთ შესრულებული, მიეცემათ შესაძლებლობა, აიმაღლონ სტატუსი დამატებითი კრედიტქულების მოპოვებით 2019 წლის ბოლომდე. მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ გაზრდილ და მზარდ  ანაზღაურებას.

 

გარდა ამისა, მასწავლებლის სურვილის შემთხვევაში, პედაგოგების საჭიროებებიდან გამომდინარე,  სახელმწიფო იზრუნებს პრაქტიკოსი საფეხურის მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე შესაბამისი გადამზადების პროგრამებით და ამის შემდგომ, განმეორებით მისცემს მათ მინიმალური კომპეტენციის დადასტურებისა და სტატუსის ამაღლების შესაძლებლობას 2019 წლის შემოდგომაზე.

 

საპენსიო ასაკის ღვაწლმოსილ პედაგოგებს, რომელთაც არ ექნებათ მინიმალური კომპეტენციის დადასტურებისა და სტატუსის ამაღლების სურვილი, ეძლევათ პრივილეგია მათი ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე 2019 წელს სახელმწიფოსგან მიიღონ ერთჯერადი ფულადი ჯილდო - ორი წლის ჯამური ხელფასი; ამასთან, შეუნარჩუნდებათ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი მთელი სიცოცხლის განმავლობაში (საჯარო სკოლების მასწავლებელთა ჯანმრთელობის სადაზღვევო ვაუჩერის პირობების შენარჩუნებით).

 

საპენსიო ასაკის პრაქტიკოს მასწავლებელს სახელწიფოს მიერ შეთავაზებული ჯილდოს მიღების სურვილის გამოხატვის შესაძლებლობა 2019 წლის განმავლობაში რამდენიმე შემთხვევაში ექნება:

 

  • თუ მასწავლებელს არ აქვს მინიმალური კომპეტენციის დადასტურების სურვილი, ამის შესახებ უნდა განაცხადოს 2019 წლის მაისის ბოლომდე;

 

  • თუ მასწავლებელი ვერ დააკმაყოფილებს მინიმალურ კომპეტენციას, ჯილდოს მიღების სურვილის შესახებ უნდა გვაცნობოს 2019 წლის ბოლომდე;

 

  • თუ მასწავლებელს არ აქვს სურვილი ან ვერ დაადასტურებს მინიმალურ კომპეტენციას განმეორებითი მცდელობისას, ან თუ მასწავლებელს აქვს მინიმალური კომპეტენცია დადასტურებული, მაგრამ არ სურს, რომ აიმაღლოს სტატუსი - ჯილდოს მიღების სურვილის შესახებ 2019 წლის ბოლომდე უნდა განაცხადოს.

 

  • სახელმწიფო ჯილდოს გაცემა დაიწყება არაუგვიანეს 2019 წლის სექტემბრისა.

 

ყველა ის პრაქტიკოსი მასწავლებელი, რომელიც 2019 წლის ბოლომდე ვერც ერთი შესაძლებლობის ფარგლებში ვერ დაადასტურებს მინიმალურ კომპეტენციას და ვერ აიმაღლებს სტატუსს, შეძლებს პროფესიული საქმიანობის გაგრძელებას სკოლის საჭიროებიდან გამომდინარე - დროებითი ხელშეკრულების საფუძველზე ხელფასის შენარჩუნებით.

 

ზემოთ ჩამოთვლილ სიახლეებთან დაკავშირებით განხორციელდება შესაბამისი საკანონმდებლო და საბიუჯეტო ცვლილებები.

 

მასწავლებელთა რეგისტრაცია კომპეტენციის დასადასტურებლად 2019 წლის 13 მაისს დაიწყება და 24 მაისს, 18:00 საათზე დასრულდება. პრაქტიკოს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის მიღება და დარეგისტრირების საშუალება ექნებათ შემდეგ ვებგვერდებზე: www.naec.ge და online.naec.ge.

 

 

big_banner
არქივი