logo_geo
60 პატიმრისთვის ტატუს მოსაშორებლად 48 ათასი ლარი დაიხარჯება
- +

13 მაისი. 2019. 16:51

 

არასრულწლოვანი მსჯავრდებულები და ყოფილი პატიმრები არასასურველი ტატუს მოცილებას უფასოდ შეძლებენ. ამასთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საგრანტო საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთთან“ ხელშეკრულება გააფორმა.

 

„იუსტიციის სამინისტრო 48 ათას ლარს გასცემს არასამთავრობო ორგანიზაციაზე, რათა ყოფილ პატიმრებს, ან პატიმრებს, რომლებიც №2 და №11 საპყრობილეში იხდიან სასჯელს, მოაცილონ ტატუ, რომელიც ხელს უშლის მათ რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციაში. გამომდინარე იქიდან, რომ განსაკუთრებით არასრულწლოვნები ახალ-ახალ მეთოდებს იგონებენ ტატუს კუსტარულად გასაკეთებლად, მისი ამოშლა უფრო და უფრო რთული და ძვირი ხდება. მე მათ მოვუწოდებ, არ დაიზიანონ კანი, რადგან შემდეგ მისი მოშორება ძალიან რთულია, 48 ათას ლარად ჩვენ მხოლოდ 60 პატიმრისათვის შევძლებთ ტატუს მოშორებას", - განაცხადა წულუკიანმა.

 

საგრანტო პროგრამის ფარგლებში ცენტრი „აფხაზეთი“ ყოფილ პატიმრებს, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ არასრულწლოვნებს და №2 და №11 პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ არასრულწლოვნებს ტატუს უსასყიდლოდ მოაშორებს, რაც მასტიგმატიზებელი ნიშნებისაგან გათავისუფლებას და მათ რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას შეუწყობს ხელს. 

 

იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, 2013 წლიდან საგრანტო პროგრამის საშუალებით სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ ბენეფიციარებს ტატუს მოცილების უფასო სერვისს სთავაზობს.  ამ ხნის განმავლობაში სერვისით 123-მა ყოფილმა პატიმარმა (65 არასრულწლოვანი, 58 სრულწლოვანი) ისარგებლა. წლევანდელი საგრანტო პროგრამის ხანგრძლივობა 6 თვეა, ბიუჯეტი კი 48 548 ლარს შეადგენს.

 

 

 

 

big_banner
არქივი