logo_geo
8 თებერვალს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღეა
- +

8 თებერვალი. 2017. 14:52


 


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსებიდან 99 წლის იუბილეს აღნიშნავს.


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1918 წლის 26 იანვარს (ახალი სტილით 8 თებერვალს), დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს დაარსდა. ეს იყო პირველი და ერთადერთი უნივერსიტეტი იმ დროს მთელ კავკასიაში. 1917 შეიქმნა თბილისში ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოება, რომელმაც ითავა უნივერსიტეტის დაფუძნებაზე ზრუნვა.


უნივერსიტეტის მთავარი დამფუძნებელი იყო ცნობილი ქართველი ისტორიკოსი, აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი. თანადამფუძნებლები იყვნენ: კონსტანტინე აფხაზი, გრიგოლ გველესიანი, ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი ახვლედიანი, შალვა ნუცუბიძე, დიმიტრი უზნაძე, გრიგოლ წერეთელი, აკაკი შანიძე, ანდრია რაზმაძე, იოსებ ყიფშიძე, კორნელი კეკელიძე და პეტრე მელიქიშვილი. პროფესორი პეტრე მელიქიშვილი, მსოფლიო სახელის მქონე ქართველი ქიმიკოსი, რუსეთის საიმპერატორო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ივანე ჯავახიშვილის წარდგენით, არჩეულ იქნა უნივერსიტეტის პირველ რექტორად. უნივერსიტეტის გახსნის დღეს მის ეზოში საზეიმო წირვა აღავლინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კირიონმა.


ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რომელიც ქართველმა ხალხმა გადადგა მეოცე საუკუნის დასაწყისში, საქართველოს მიერ ეროვნული დამოუკიდებლობის მოპოვებისა და ეროვნული დემოკრატიული სახელმწიფოს გამოცხადებამდე, სწორედ თბილისში ეროვნული უნივერსიტეტის შექმნა იყო. შემდგომ ბოლშევიკურ და კომუნისტურ პერიოდში, მიუხედავად თავსმოხვეული იდეოლოგიისა და მკაცრი ცენზურისა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა შეძლო ეროვნული სულისკვეთების შენარჩუნება, ზოგადსაკაცობრიო იდეალებისადმი მსახურება, ჩამოაყალიბა საყოველთაოდ ცნობილი სამეცნიერო სკოლები მათემატიკაში, ფსიქოლოგიააში, ფილოსოფიაში, ენათმეცნიერებაში, ისტორიაში, აღმოსავლეთმცოდნეობაში. თსუ-მ საფუძველი ჩაუყარა საქართველოში მრავალი უმაღლესი სასწავლებლის და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შექმნას. უნივერსიტეტის პირველი გამოშვება შედგა 1922 წელს.


1989 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ივანე ჯავახიშვილის სახელი მიენიჭა.




 

big_banner
არქივი