logo_geo
დეკანოზი ალექსანდრე გალდავა: გარყვნილების პროპაგანდა ეკლესიისთვის მისაღები ვერასდროს იქნება
- +

17 მაისი. 2019. 12:32

 

 

„გარყვნილების პროპაგანდა ეკლესიისთვის მისაღები ვერასდროს იქნება“, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ განაცხადა. მისი თქმით, დღეს საქართველოში ოჯახში სიწმინდის დღე აღინიშნება და ეკლესია ადამიანებს მოუწოდებს, მისი ბრძოლის მეთოდი მშვიდობიანი იყოს.

 

„დღეს ოჯახის სიწმინდის დაცვის დღეა. ეს მშობლების პატივისცემისა და ოჯახური ფასეულობების პოპულარიზაციისთვის კეთდება. მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან სამების ტაძრისკენ იგეგმება, სადაც მისი უწმინდესობა პარაკლისს მრევლთან ერთად გადაიხდის. ღონისძიება კონცერტით დასრულდება. ვიცი, რომ „სუხიშვილებმა“ და „ერისიონმა“ კონცერტში მონაწილეობის სურვილი ღიად გამოხატეს.

 

ვისაც რა უნდა, ის იდღესასწაულოს. ჩვენი დღესასწაულები ხშირად ემთხვევა ვთქვათ, ებრაულ და მუსლიმანურ დღესასწაულებს. 17 მაისი ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს მსოფლიოს ნაწილში, ცივილიზებულ სამყაროში ლგბტ თემის აღლუმებია, რომელიც, ალბათ, ყველა დამეთანხმებით, ლამაზი სანახავი არ არის, არც თავისი ფორმით და არც შინაარსით. აღლუმებში ბავშვებიც მონაწილეობენ და აღვირახსნილ ურთიერთობებს, რომელიც მათ აქვთ, საზოგადოების წინაშე დემონსტრირებას ახდენენ. თუმცა, ეს მათი პრობლემაა და მათი არჩევანია, როგორც უნდათ, ისე გააკეთონ.

 

საქართველოში არის ეკლესია და არის ხალხი. ეკლესია ხალხს მოუწოდებს, რომ მისი ბრძოლის მეთოდი მშვიდობიანი იყოს. იმისთვის კი არ იბრძვი, რომ ლგბტ თემი არ გაძლიერდეს, არამედ შენ იბრძვი იმისთვის, რომ სიკეთე წარმოაჩინო. ადამიანს რომ მიუთითო, რა არის კარგი.

 

17 მაისის გარეშე, რასაც ვუყურებ, ლგბტ თემი სრულიად უსაფრთხოდ ცხოვრობს. თუ უხერხულ ქმედებებს საჯაროდ, ქუჩაში არ დაიწყებენ ან ვიღაცას თავს არ მოაბეზრებენ თავისი გამოხდომებით.

 

გარყვნილების პროპაგანდა ეკლესიისთვის მისაღები ვერასდროს იქნება. რაც უნდა შეფუთული ფორმით მოგვიტანონ, ჩვენ არსზე უნდა ვილაპარაკოთ. ამ ეტაპზე, მათ ვითომ გამოხატვის თავისუფლების მიცემა სჭირდებათ. შემდეგ ეტაპზე არის ის, რომ ერთნაირსქესიანთა ურთიერთობები უნდა დაკანონდეს და შემდეგი ეტაპია, რომ ბავშვის აყვანის უფლება ჰქონდეთ. განა ისინი ფლეშმობის გაკეთებაზე ჩერდებიან და მეტს არაფერს ითხოვენ საქართველოს სახელმწიფოსგან?“ – განაცხადა დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ.

 

 

 

big_banner
არქივი