logo_geo
მიხეილ ბატიაშვილი: ყველა სტუდენტს, მეცნიერს, მკვლევარსა და დაინტერესებულ ადამიანს Elsevier-ის სამეცნიერო ბაზებზე სრული წვდომა ექნება
- +

22 მაისი. 2019. 14:33

 

 

განათლების რეფორმის ფარგლებში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და მსოფლიოს უმსხვილეს სამეცნიერო ბაზას - Elsevier-ს შორის თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება, რომლის ფარგლებში საქართველოში აკრედიტირებულ ყველა სახელმწიფო და კერძო უმაღლეს სასწავლებელს, სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებსა და კვლევით ცენტრებს Elsevier-ის სამეცნიერო ბაზებზე წვდომა შეუფერხებლად ექნებათ.

 

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სრული დაფინანსებით ქართველ მეცნიერებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს თავიანთი უნივერსიტეტებიდან შეეძლებათ ისარგებლონ ისეთი ბაზების სამეცნიერო რესურსებით, როგორებიცაა: Scopus და Science Direct, Funding  Institutional (Scival Funding). მათთვის ხელმისაწვდომი გახდება მსოფლიოში გამოქვეყნებული უახლესი სამეცნიერო ლიტერატურა (სამეცნიერო სტატიები, წიგნები, აბსტრაქტები) და კვლევითი და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის მნიშვნელოვანი სიახლეები. შესაბამისად, მსოფლიოს უმსხვილესი სამეცნიერო ბაზის  Elsevier-ის  საქართველოს  კონსორციუმის  წევრთა რაოდენობა 21-დან 55-მდე გაიზარდა. 

 

მეცნიერების სფეროში განხორციელებული აღნიშნული ნოვაციის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორმა ზვიად გაბისონიამ   პრეზენტაცია გამართეს, რომელსაც  Elsevier-ის კონსორციუმის წევრები - საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები, ახალგაზრდა მეცნიერები  და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

 

„ყველა სტუდენტს, მეცნიერს, მკვლევარსა და დაინტერესებულ ადამიანს Elsevier-ის ძალიან ძვირადღირებულ  სამეცნიერო ბაზებზე სრული წვდომა ექნება“, – განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, რომელმაც Elsevier-ის ბაზებზე წვდომის მნიშვნელობაზე ვრცლად ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ეს საქართველოსთვის და ქართველი მეცნიერებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. 

 

Elsevier-ის სამეცნიერო ბაზებზე წვდომა ხელს შეუწყობს როგორც ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირებას, ასევე საქართველოში სამეცნიერო დარგების განვითარებას და ანალიტიკური ინფორმაციის მიღების საფუძველზე, მეცნიერების პოლიტიკისა და  მართვის სფეროს გაუმჯობესებას.

 

განათლების რეფორმის ფარგლებში განათლების სამინისტრომ მეცნიერების მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი განსაზღვრა, კერძოდ, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის სისტემასთან მეტი ინტეგრაცია, მეცნიერების პოპულარიზაცია და ახალგაზრდა მეცნიერთა ხელშეწყობა, მეცნიერების დაფინანსების მოქნილი და ეფექტური სქემების შემუშავება, მეცნიერებასა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის ინიცირება და განვითარების ხელშეწყობა, სამეცნიერო კვლევების შედეგების კომერციალიზაცია.

 

 

big_banner
არქივი