logo_geo
დამოუკიდებლობის დღეს ფიცს 463 რეკრუტი და წვევამდელი დადებს
- +

26 მაისი. 2019. 11:54

 

 

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თავისუფლების მოედანზე ფიცის დადების საზეიმო ცერემონია გაიმართება. ღვთისა და ქვეყნის წინაშე ფიცს საზეიმოდ საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტები დადებენ. თბილისის გარდა (288 რეკრუტი), ფიცის დადება 5 ლოკაციაზე მოხდება (175 რეკრუტი და წვევამდელი) - ზუგდიდში - დადიანების სასახლეში, რაჭაში - მრავალძალის მონასტერში, ქართლში - კლდეში ნაკვეთ უძველეს ქალაქ უფლისციხეში, დუშეთში - ანანურის ციხის კომპლექსზე და ყვარელში - გრემის მონასტერში (ჯამში 463 რეკრუტი და წვევამდელი).

 

ცერემონიაში ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელ ორკესტრთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს თავდაცვის ძალების იმ ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეები, რომლებმაც ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალები დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების (NRF) სამხედრო მოსამსახურეები ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის მონაწილე დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონი საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი ღონისძიებაში ასევე, მონაწილეობას მიიღებს აშშ-ის ევროპის სარდლობის 1 ქვეითი დივიზიის 1 ბრიგადისა და საზღვაო ქვეითების ინსტრუქტორთა პირადი შემადგენლობა.

 

ფიცს საქართველოს პრეზიდენტი, თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, სალომე ზურაბიშვილი ჩაიბარებს. ცერემონიალის ნაწილია საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვა, რომელსაც მოედანზე ეროვნული გვარდიის სარიტუალო ასეულის სამხედრო მოსამსახურეები შემოიტანენ. შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის დროს დაღუპულთა ხსოვნას. ფიცის დადების შემდეგ ხდება ხმოვანი ჩართვა რეგიონებიდან. ხუთივე რეგიონიდან ფიცის მიღების თაობაზე ცალ-ცალკე აბარებენ პატაკს თავდაცვის ძალების მეთაურს შემდეგი თანამიმდევრობით - ზუგდიდი, მრავალძალი, უფლისციხე, ანანური, გრემი, თბილისი.

 

ფიცის დადების შემდეგ სიტყვით გამოვლენ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია.

 

თავისუფლების მოედანზე წარმოდგენილი იქნება ქართულ შეიარაღებაში არსებული საქართველოსა და უცხოეთში წარმოებული სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა. თავისუფლების მოედანზე პირველი ქვეითი ბრიგადის, მე-5 საარტილერიო ბრიგადის, წვრთნებისა და განათლების სარდლობის, ლოჯისტიკის სარდლობის, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობისა და სსსტც „დელტას“ შეიარაღება იქნება გამოფენილი: ჯავშანმანქანა WOLF; ჯავშანმანქანა „დიდგორი დისტანციური“; ჯავშანმანქანა „დიდგორი მეომარი“; ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ლაზიკა“; ზალპური რეაქტიული სისტემა რს-122; სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა „მედევაკი“; საჰაერო თავდაცვის სისტემა „სპაიდერი“; თვითმავალი საარტილერიო სისტემა „დანა“; ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა ლარ-160; ჯავშანმანქანა „კობრა“; ჯავშანმანქანა „MaxPro“. თბილისის გარდა, სამხედრო ტექნიკა საქართველოს 12 ქალაქში იქნება გამოფენილი: თელავი, მარნეული, რუსთავი, მცხეთა, გორი, ახალქალაქი, ქუთაისი, ამბროლაური, ოზურგეთი, ფოთი, სენაკი.

 

 

 

big_banner
არქივი