logo_geo
თბილისის მეტრო – აწმყო, წარსული, მომავალი
- +

10 ივნისი. 2019. 18:13

 

USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით და პროექტის „ ქალაქი ახლოდან“ მიერ მომზადებული კვლევის თანახმად, ყოველდღიურად თბილისის მეტროს საშუალოდ 323 ათასი მგზავრი (2017 წ.) გადაჰყავს, ხოლო პიკის საათებში დღიური მგზავრ ნაკადი 435 ათას მგზავრს აღწევს. როგორც კვლევაშია მითითებული, მოდერნიზაციისა და მოძრავი შემადგენლობის დამატების შემთხვევაში, სისტემის ტექნიკური რეზერვები იძლევა შესაძლებლობას, რომ მეტრო დღიურად 1.3 მლნ-მდე მგზავრს მოემსახუროს.

 

 

 

როგორც ირკვევა, ამჟამად მეტროში 195 ვაგონი ირიცხება, რომლიდანაც ექსპლუატაციისთვის გამოსადეგ მდგომარეობაში 163 მოდერნიზირებული ვაგონია. როგორც ცნობილია, თბილისის მეტრომ ფუნქციონირება 1966 წელს დაიწყო და მას შემდეგ მისი სრულ მასშტაბიანი რეაბილიტაცია-განახლება ფაქტობრივად არ მომხდარა. სწორედ ამ გარემოებას უკავშირებს თბილისის მერი იმ ფაქტს, რომ  მეტროში ხშირია შეფერხებები, რაც სხვადასხვა ტიპის დაზიანებებით არის განპირობებული.

 

 

ოფიციალური სტატისტიკით, 2017 წელს დაფიქსირდა მეტროს 326 დაზიანება და მგზავრების ევაკუაციის 95 შემთხვევა; 2018 წელს  305 დაზიანება და მგზავრების ევაკუაციის 92 შემთხვევა. რაც შეეხება 2019 წელს.   მგზავრების ევაკუაცია ამ წელს 26-ჯერ გახდა აუცილებელი. თბილისის მერის განცხადებით, თბილისის მეტროს მოძრავ შემადგენლობას და ვაგონებს, ფაქტობრივად, აღარ დარჩათ რეაბილიტაცია-განახლების რესურსი და დღის წესრიგში მათი ახლით ჩანაცვლების აუცილებლობა დგას.

 

არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით, მერია 100 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს. თანხა მოხმარდება, როგორც მეტროს ვაგონების რეაბილიტაციის, ასევე, სიგნალიზაცია-ვენტილაციის პროექტის განხორციელებას.

 

დაგეგმილია 450 კმ ძალოვანი კაბელის მთლიანად გამოცვლა, ასევე 15 ვაგონის რეაბილიტაცია და ახლების შეძენა. მერიაში იმედოვნებენ, რომ ამ ღონისძიებების შედეგად არსებული სიტუაცია უკეთესობისაკენ შეიცვლება. შემცირდება ავარიების რაოდენობაც და დაახლოებით, 2-3 წუთამდე შემცირდება მოცდის დროც. იგეგმება მეტროს მოსაცდელი დარბაზების რეაბილიტაცია განახლებაც.

 

„ჩვენი იდეა არ არის თბილისის მეტროს ვესტიბულების კოსმეტიკური რემონტი, ჩვენი იდეაა, მოხდეს სრული რეაბილიტაცია და მოდერნიზება, უნდა დაიწეროს თბილისის მეტროს ახალი ისტორია. ვიზუალური ნაწილი უნდა იყოს უმაღლეს დონეზე შესრულებული, აღარ მაქვს საუბარი უსაფრთხოებაზე.

შესრულება უნდა მოხდეს ისეთი არქიტექტურით და დიზაინით, რომელიც ათეულობით წელს გაუძლებს. კაფელით და მეტალოპლასტმასის ჯიხურებით მეტროსადგურების მოდერნიზება ჩვენი მეთოდი არ არის.

მერის დავალების შესაბამისად, სატრანსპორტო კომპანია მოახდენს არქიტექტორების და დიზაინერების ჯგუფის მობილიზებას, თუ დასჭირდება გარე რესურსების მოზიდვა, ამასაც გააკეთებენ და განსხვავებული სტანდარტით მოხდება თბილისის მეტროს რეაბილიტაცია“,- აცხადებს თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძე.

 

სამომავლო გეგმებშია, ასევე, სამგორიდან ლილოს მიმართულებით მიწისზედა მეტროს ახალი ხაზის მშენებლობა. მიწისზედა მეტრო პირველ ეტაპზე მეტროსადგურ „სამგორს“ ლილოს ბაზრობასთან და აეროპორტთან დააკავშირებს და მასზე მეტროს 6 შემადგენლობა ორმხრივი მიმართულებით იმოძრავებს.

 

 

პროექტში, ჯამში, 90 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება (30 მილიონი მეტროს ვაგონების ღირებულება, ხოლო დანარჩენი ინფრასტრუქტურული ნაწილი). უკვე ცნობილია, რომ მიწისზედა მეტროს პროექტირებას და ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას ავსტრიული კომპანია „ILF Consulting Engineers Austria“ შეასრულებს. საუბარია, ასევე, მიწისზედა მეტროზე, რომელიც დიდუბეს დიდ დიღომთან დააკავშირებს.

 

შეგახსენებთ, რომ თბილისის მეტროპოლიტენმა ფუნქციონირება 1966 წელს დაიწყო. თბილისის მეტროპოლიტენის ხაზების საერთო საშუალო საექსპლუატაციო სიგრძეა 26.4 კმ (ორივე გვირაბის). ცალკე აღებული ლიანდაგების მიხედვით გვირაბების საერთო სიგრძეა 53.7 კმ, ღია უბნების 3.6 კმ, ხოლო დეპოების და ჩიხების – 5.2 კმ. მეტროპოლიტენის სისტემაში შედის 26 ქვესადგური, 173 კმ მაღალი ძაბვის და 373 და დაბალი ძაბვის კაბელი, 20 სიგნალიზაციის სარელეო, 224 შუქნიშანი და 10 განვითარებული სადგური ბლოკ საგუშაგოთი, 84 საისრო გადამყვანი, ექსპლუატაციაში მყოფი 28 სავენტილაციო შახტა და 63 ძირითადი განიავების ვენტილატორი. მეტროპოლიტენის მაქსიმალური საპროექტო გამტარუნარიანობაა 36 წყვილი მატარებელი საათში.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი