logo_geo
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს ოფიციალური ვიზიტით უკრაინის ვეტერანთა საქმეების მინისტრი ეწვევა
- +

12 ივნისი. 2019. 13:40

 

მიმდინარე წლის 13-14 ივნისს,  საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა, უკრაინის ვეტერანთა საქმეების მინისტრი ირინა ფრიზი და მისი პირველი მოადგილე, გრიგორ გალაგანი.

 

ვიზიტის მიზანია, საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მუშაობის, სტრატეგიის, მიმართულებების, პრიორიტეტების გაცნობა და უწყების გამოცდილების გაზიარება. ქალბატონი ირინა ფრიზი, მისი მოადგილე, უკრაინის სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი, ოლეგ ორლოვი და საქართველოში უკრაინის საელჩოს პასუხისმგებელი თანამდებობის პირები 13 ივნისს, 11:00 საათზე ეწვევიან ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, სადაც გაიმართება ოფიციალური შეხვედრა. ვიზიტად მყოფი სტუმრები გაეცნობიან ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მუშაობის პრინციპებს, სტრატეგიულ ამოცანებს, ადმინისტრაციულ მოწყობას და პრიორიტეტებს. გაიმართება  პრეზენტაცია, რომელსაც უწყების დირექტორი, გენერალი ვლადიმერ იმნაძე წარადგენს.

 

 ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია „ვ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა ჰოსპიტალსა“ და „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საპროტეზო-ორთოპედიული ცენტრის“ დათვალიერება; 14 ივნისს, „ვ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა ჰოსპიტალის“ უფროსის, ბატონ ლევან ჯუღელს პრეზენტაცია ომის ვეტერანთა ჯანმრთელობის დაცვის  გასაუმჯობესებლად გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ.

 

ასევე დაგეგმილია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება ორ უწყებას შორის და ვეტერანთა სოციალური, ჯანმრთელობისა და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ერთობლივი პროექტების შემუშავება.

 

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში ვეტერანთა საქმეების სამინისტრო ახლად ჩამოყალიბებულია. საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, როგორც რეგიონში სამაგალითო უწყების მუშაობის გამოცდილების გაზიარება, უკრაინულ მხარეს აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის შესაბამისმა უწყებებმა ურჩიეს.

 

 

 

big_banner
არქივი