logo_geo
ფონდი „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით, სოფელ ერკეთის მთავარანგელოზის სახელობის დედათა მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები წარიმართება
- +

13 ივნისი. 2019. 16:33

 

 

ფონდი „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით სოფელ ერკეთის მთავარანგელოზის სახელობის დედათა მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები წარიმართება.

 

დარბაზული ტიპის ეკლესიაზე, რომელსაც მრავალჯერადი გადაკეთების აშკარა ნიშნები აქვს,  სრულად მოიხსნება თუნუქის უხარისხო სახურავი და მისი ხის კონსტრუქცია, რომელიც კრამიტით ჩანაცვლება.  ნაგებობის ინტერიერის ქვის კვადრების იატაკი, რომლის ზედაპირი მკვეთრად დეფორმირებულია, ახლიდან გადაეწყობა და დაზიანებულ სეგმენტებზე ავთენტური ფორმის თლილი ქვებით განახლდება. ეკლესიის მთელ პერიმეტრზე მოიხსნება გასული საუკუნის დროს უხარისხოდ ნაშენი ქვის კარნიზი და მასზე დაშენებული კედლები, რომელიც ეკლესიაში წყლის ჩადინებისა და კედლის მხატვრობის დაზიანების მიზეზს წარმოადგენდა.  ძველის ნაცვლად ტაძარზე არსებული ფორმის პროფილირებული კარნიზი სარესტავრაციო მეთოდოლოგიის სრული დაცვით მოეწყობა. ეკლესიის გარე ფასადებზე ეროზიით გამოწვეული ნაპრალები და გამორეცხილი ჭრილები კირხსნარით ამოივსება და კონსერვირდება. დაზიანებული უბნები ისექტირების მეთოდით გამაგრდება.  მონასტრის ტერიტორიაზე სრულად აღდგება ქვის გალავანი, რომლის ცალკეული სეგმენტები კლდოვანი ფერდობის ეროზიისგან დროთა განმავლობაში დაიშალა.

 

2019 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის   სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულ 9 მილიონ ლარს, ფონდი „ქართუს“ მიერ მიმდინარე წლისთვის გამოყოფილი 20 მლნ ლარი დაემატება და ის სრულად კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების რეაბილიტაციაზე წარიმართება. დარგისკენ მიმართული ერთობლივი ფინანსური რესურსი ამ დრომდე უპრეცედენტო ოდენობას შეადგენს.

 

მიმდინარე წელს  ფონდი „ქართუს“ ფინანსური რესურსით უზრუნველყოფილი იქნება 53 კულტურული მემკვიდრეობის  უძრავი ძეგლის რეაბილიტაციის პროცესი, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით კი წელს სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები  43არქიტექტურულ ნაგებობაზე წარიმართება.

 

 

big_banner
არქივი